საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-21

საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი - „სოფუსბუვირი" ყველა პაციენტს უფასოდ გადაეცემა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „გილეადთან" ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს მომავალში შემოვა. წამალი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, გვერდითი მოვლენების სიმცირით, იძლევა თითქმის სრული განკურნების შესაძლებლობას და პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტი იწყება, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს - საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც C ჰეპატიტს სრულად აღმოფხვრის.
მთავრობის მეთაურმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს და „გილეადის" წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლის პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს ჩაეყარა - პირველ ეტაპზე პაციენტებს ინტერფერონი შეღავათიან ფასად მიეწოდებოდათ, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის მკურნალობა უფასო იყო.
„მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროგრამის ამოქმედება მთავრობის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაშიც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დიდი წვლილი მიუძღვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებიც შეაფასა. პრემიერის განცხადებით, წლების განმავლობაში ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ხშირად მძიმე შედეგებით მთავრდებოდა, დღეს კი ეს რეალობა შეიცვალა და მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ უამრავ ადამიანს მოუხსნა ფინანსური ტვირთი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური