საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-18

სოფლის მეურნეობა, საწარმოთა განვითარება და ტურიზმი, - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეკონომიკურ პოტენციალზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ამბროლაურში, ბიზნესმენებთან შეხვედრისას ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა მეწარმეებს ახალი სამთავრობო პროექტი - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" წარუდგინა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებობს უამრავი რესურსი მეფრინველეობის, მესაქონლეობის, რძის, ხორცის წარმოების, ხილ-ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მეფუტკრეობის, სასათბურე და სანერგე მეურნეობების განვითარების, მეთევზეობის, თევზის გადამამუშავებელი წარმოების, სამაცივრე მეურნეობის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიმართულებით.
„რაც შეეხება საწარმოების განვითარების პერსპექტივას,
ვფიქრობ, რომ რეგიონს აქვს რაჭული ლორის, იშვიათი ღვინოებისა და კენკროვანი კულტურების პროდუქციის წარმოების უნიკალური რესურსი, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა თითოეული რაიონის პოტენციალზე კონკრეტულად ისაუბრა - ამბროლაურს აქვს სოჭის სანერგე მეურნეობების განვითარების, რაჭული ლორის წარმოების რესურსი; ლენტეხს აქვს ოქროს მოპოვების რესურსი; ონს - ოქროს მოპოვების, რაჭული ლორის წარმოების, „უწერის" მინერალური წყლის ჩამოსხმის და, ზოგადად, შოვში არსებული მინერალური წყლების პოტენციალის გამოყენების რესურსი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცაგერში, მინერალური წყლების ბაზაზე, შესაძლებელია როგორც მათი მომპოვებელი, ისე ჩამოსასხმელი საწარმოების შექმნა.
„ყველა რაიონს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, ინერტული მასალების მოპოვების, მტკნარი წყლის ჩამოსხმის, ასევე რძის მიღება-გადამუშავების რესურსი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი, ვინაიდან შესაძლებელია როგორც ღვინის ტურიზმის, აგროტურიზმის, ეკო და ექსტრემალური, ასევე, სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარება.
მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 43 მილიონ ლარამდეა და ინვესტიციები იდება ჰიდროენერგეტიკულ პროექტში, ღვინის ტურიზმში, მევენახეობაში, სასტუმროების მშენებლობაში, სამაცივრე მეურნეობასა და მეცხოველეობაში.
მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ სახელმწიფო, მათ მხარს დაუჭერს როგორც თანადაფინანსებით, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებით, ისე კომუნიკაციებითა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფით.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში განახორციელა.
· რაჭა - ლეჩხუმში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაცემულია 5 მილიონზე მეტი ოდენობის 22 სესხი;
· გადაიარაღდა 5 საწარმო, რომლებსაც მიეცათ 2 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება;
· რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 65 კოოპერატივს;
· 2014 წელს რაჭაში გადამუშავდა 1 700 ტონა ყურძენი და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალმა 13 მილიონი ლარი შეადგინა;
· 2013-2014 წლებში რეგიონში, ჯამურად, 62 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია;
· 2015 წლის ოქტომბრისთვის ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 400 ოჯახს;
· რეგიონის 4 რაიონულ ცენტრს ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები გადაეცა;
· გაიხსნა 4 ახალი ამბულატორია;
· მთავრობამ აღადგინა 71 სკოლა და 1 პროფესიული სასწავლებელი;
· 2016 წელს იგეგმება იუსტიციის სახლის მშენებლობა ონში და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ცაგერში;


ვრცლად, რეგიონში მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ იხილეთ: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=418