საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 26 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-26

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 26 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილეს, დაემატა 20 საკითხი, გადაიდო 1 საკითხი, დამტკიცდა 57 საკითხი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომამ დაამტკიცა მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ". დადგენილების პროექტი შემუშავებულია ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით და პროექტით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების პირობები. კერძოდ, ტრანსპორტირება დაიშვება, თუ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი არის რეგისტრირებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრში ან მასზე გაცემულია შებამაისი ლიცენზია. იკრძალება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება სხვა ტვრირთთან ერთად. დადგენილია ტვირთის თანმხლები პირების სავალდებულო კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ასევე, ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ, შებამისი სათავსოების გაუვნებელყოფის მოთხოვნა.

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 და „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 დეკემბრის №238 დადგენილებებში ცვლილებები შევიდა. ავტოტრანსპორტიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილება განპირობებულია მოხმარებული საწვავის სახეობით, ხარისხით და რაოდენობით. ავტოსაწვავის ხარისხზე, ანუ მის შემადგენლობაში შემავალ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის შემცველობა და ა.შ) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამონაბოლქვის რაოდენობა და მასში შემავალი მავნე კომპონენტების შემადგენლობა. მაგალითად, საწვავში გოგირდის შემცველობა პირდაპირ კავშირშია ჰაერის ერთ-ერთი უმთავრესი დამაბინძურებელი ნივთიერების გოგირდის დიოქსიდის (SO2) გაფრქვევების ოდენობასთან. დღეისათვის საავტომობილო ბენზინში გოგირდის მასური წილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება არა უმეტეს 150 მგ/კგ-ით, ხოლო დიზელის საწვავში არა უმეტეს 200 მგ/კგ-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენზინში იგი 15-ჯერ, ხოლო დიზელში 20-ჯერ აღემატება ევროკავშირის სტანდარებით დადგენილ ნორმებს (10 მგ/კგ). აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვებას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან, მათ შორისთხევადი საწვავის ხარისხის ევროკავშირის სტანდარტებთან ეტაპობრივ მიახლოებას.

მთავრობის სხდომამ ასევე დაამტკიცა საქართველოში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა. პროექტი ითვალისწინებს უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ერთის მხრივ, სახელმწიფოს ინტერესებს (ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური თუ კულტურული განვითარება, უმუშევრობის დონის შემცირება, განათლების დონის ამაღლება, ევროპასთან დაახლოება და ა.შ.) და, მეორე მხრივ, თითეული მოქალაქის ინდივიდუალურ ინტერესებს (საკუთარი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მაქსიმალური რეალიზაცია, მიდრეკილებებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით უწყვეტი პროფესიული განვითარება, შესატყვისი განათლების მიღება, შესაბამისი სამუშაოს მოძიება, კვალიფიკაციის მუდმივი განვითარება, ცვალებად შრომის ბაზართან წარმატებით ადაპტირება და ა.შ.). პროექტი ასევე ითვალისწინებს უახლოეს პერსპექტივაში უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის კონცეფციის მიზნებს, ამოცანებს, მოსალოდნელი შედეგებს, პასუხისმგებელი და მხარდამჭერი უწყებების/ორგანიზაციების როლებს.