საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 30 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-09-30

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილეს, გადაიდო 3 საკითხი დაემატა - 6 საკითხი, დამტკიცდა - 33 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდა. ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" შესრულებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ბიუჯეტის პროექტში შენარჩუნებულია სოციალურ და ეკონომიკის წამახალისებელ პროგრამებზე ორიენტაცია, რაც აისახება შესაბამისი სამინისტროების ასიგნებებში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტი არის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი და მის გადამუშავებაზე ოქტომბრის განმავლობაში აქტიური მუშაობა გაგრძელდება როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად და საბოლოო პროექტში, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში მაქსიმალურად დაფინანსდება ის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლის პროგნოზები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური