საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 5 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს. გადაიდო 1 საკითხი, დაემატა - 10 საკითხი, დამტკიცდა - 42 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საკითხზე შესაბამისი დასტური გასცა. მთავრობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველო უკრაინას აღმოუჩენს დახმარებას. ამ ეტაპზე დახმარების ღირებულება იქნება მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება შემადგენლობას, განსაზღვრულია მედიკამენტების გაგზავნა, მათ შორისაა დიაბეტის სამკურნალო წამლები, ანტიბიოტიკები, ბავშვებისთვის ვაქცინები, ქირურგიული ნაკრებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთები.


ამავე სხდომაზე გადაწყდა ვარძიის კომპლექსის მულტიდისციპლინარული კვლევებისა და ფიზიკური სამუშაოების დაიწყების შესახებ. შემუშავებულია კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინარული კომპლექსური კვლევები და მთელი რიგი სამუშაოები.

მთავრობის სხდომამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა. "ღია მმართველობა საქართველოს" 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში 27 ვალდებულებაა, რომელთაც საქართველო ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველსაყოფად იღებს. მათ შორისაა: ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება; პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა; ღია მონაცემების პორტალის - www.data.gov.ge - ამოქმედება; საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა; ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება; საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება; საჯარო ბიბლიოთეკების მოდერნიზება; საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მექანიზმის ჩამოყალიბება.
ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა.
დღეისათვის "ღია მმართველობის პარტნიორობა" 64 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური