საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-08-26

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილეს. გადაიდო 3 საკითხი, დაემატა - 9 საკითხი, დამტკიცდა - 42 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოს" მიერ დაბა გუდაურში და დაბა ბაკურიანში, „დიდველში" მდებარე სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ." შპს „გუდაურის განვითარების სააგენტო" საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით გეგმავს დაბა ბაკურიანში, ,,დიდველში" არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სათხილამურო ტრასების უკეთესად მოვლისა და კეთილმოწყობისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს ინოვაციური პროექტის განხორციელებასაც: ეს არის გამშვები სისტემის დამატებითი მოწყობილობა Ski movie, რომელიც სპეციალიზირებულ პროგრამულ კომპლექტთან ერთად შესაძლებლობას ქმნის, ერთის მხრივ, მომხმარებელმა ავტომატურ რეჟიმში მიიღოს სრიალის ჩანაწერი, რაც პოპულარიზაციას გაუწევს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა და დაბა ბაკურიანს, ხოლო, მეორეს მხრივ, სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა განათავსონ რეკლამა როგორც უშუალოდ ტრასებზე, ასევე ინტერნეტ სივრცეში.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე მოიწონეს ცვლილება ,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ". პროექტის მიზანია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" ვალდებულების უზრუნველყოფა, რა მიზნითაც, საქართვლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების სახით მოქმედი რეგულაციის - ,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №122/ნ ბრძანება - დამტკიცება ხდება საქართველოს მთავრობის აქტის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური