საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 14 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-07-14

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა. გადაიდო 6 საკითხი, დაემატა - 2 საკითხი, დამტკიცდა - 30 საკითხი.
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხი ეხება მოსამართლეების 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას.
თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლისა და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საბჭოს ერთ მოსამართლე და ერთ არამოსამართლე წევრს, რომლებმაც 1 თვის ვადაში, ერთმანეთის პარალელურად, უნდა შეაფასონ მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. ამასთანავე, სამივე შეფასება, რომელთაგან თითოეული მოიცავს შესაბამისი პერიოდის ორ პარალელურ შეფასებას, საბჭოს სხვადასხვა წევრმა უნდა განახორციელოს. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ამ ანგარიშების გაანალიზებისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
მთავრობის წევრების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის, აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტის, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭებას. შედეგად ცენტრი სრულ პასუხისმგებლობას აიღებს მის მიერ შემუშავებული დოკუმენტების სისწორეზე და სულ მცირე ერთი კვირით ადრე უზრუნველყოფს მათ დამტკიცებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მიწოდებას. პროექტით ასევე დგინდება გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტის ცნება და განსხვავებული რეგულაცია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური