საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 10 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-04-10

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო 3 საკითხი, დამტკიცდა 26 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობამ მოიწონა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი, რომლის თანახმად სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსება 2 მლნ ლარით იზრდება. ცვლილება ეხება მაღალმთიანი რეგიონების კლინიკებს, სოფლის ექიმებს და ექთნების ანაზღაურება გაიზრდება. ამავე დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით, ორსულ ქალებს შესაბამისი მედიკამენტებით ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
მინისტრთა კაბინეტმა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამაც დაამტკიცა. გასული წლისგან განსხვავებით, წელს პროგრამას ემატება ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა", რომლის მიხედვით, სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები უზრუნველყოფილი იქნებიან პირველადი საჭიროებებით. გარდა ამისა, ვეტერანებისთვის გაიცემა საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ომის მონაწილეებს აუნაზღაურდებათ სოციალური პაკეტი.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად ფინანსთა სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ)კვარიათი-სარფის მონაკვეთის აღსადგენად დამატებით 10 მლნ ლარს გამოუყოფს.
ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში შპს "ტერასა" 10 ათას ლარად გადაეცემა გიორგი ნათენაძეს, რომელმაც კომპლექსის რეაბილიტაციის შედეგად მესხური ჯიშის ვაზი უნდა გააშენოს. ნათენაძე განახორციელებს მილიონიან ინვესტიციას და 150 ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს.
გარდა ამისა, უსინათლოთა კავშირს სხვადასხვა რაიონში ერთ ლარად გადაეცემა მიწის 7 ნაკვეთი. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს უსინათლო ადამიანებს, შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება, რაც გამოიწვევს მათი სოციალური აქტივობის ამაღლებას და საზოგადოებრივ საქმიანობაში უსინათლო ადამიანების ჩართულობის გაზრდას. წყნეთში კი, ბავშვთა ჰოსპისისთვის სარეაბილიტაციო შენობა გაიცემა, რომლის ფუნქციონირებას ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" დააფინანსებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური