საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 20 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

1

2014 წლის 20 მარტს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 22 საკითხი. დღის წესრიგი
"ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი კადრების ნახვა ჩემთვის შემზარავი და შოკისმომგვრელი იყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ კადრებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ესმის, რამდენად მძიმეა ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის ამ კადრების ნახვა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია ძალიან ბუნდოვან გარემოებებში იპოვეს, რის შესახებაც მიმდინარეობდა სპეკულაციები და ახლაც გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ პროკურატურა ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას და ძალიან მალე ნათელი გახდება, რა მოხდა სინამდვილეში. „გავრცელებულ კადრებში შეუიარაღებელი თვალით აშკარად ჩანს, რომ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება - თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები და სისხლჩაქცევები. ასევე, რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი, ძალიან დამაეჭვებელია მისი ტანსაცმელი. ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები, პროკურატურას აქვს გაწერილი სამოქმედო გეგმა. დიდი იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე დაასრულებენ გამოძიებას. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა ოჯახების თანხმობის შემდეგ ცხედრების ეგსჰუმაცია მოხდეს. დაველოდოთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე საზოგადოება და ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ სიმართლეს, როგორ მოხდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 22 საკითხზე იმსჯელა. მთავრობამ მოიწონა განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, სასკოლო ასაკი 6 წლით განისაზღვრება. ბავშვებს, რომლებიც წელს მოსამზადებელზე სწავლობდნენ და 5 წლის ასაკში უნდა შესულიყვნენ სკოლაში, შეზღუდვა არ ექნებათ. ასევე, პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ; მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 49 951 407 ლარის გაცემის საკითხიც დამტკიცდა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეკონსტრუქციას ჩაუტარებს ჭიათურის 4 ძირითად საბაგირო გზას. გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან საბაგირო გზებზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. ფრანგული კომპანია ,,პომაგალსკის'' მიერ ჩატარებული წინასწარი შეფასების თანახმად პროექტის განხორციელების სავარაუდო ღირებულება 13 000 000 ევროს შეადგენს. თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოცხადდება, ამ პერიოდის განმავლობაში კი თბილისის შემოვლითი რკინიგზის კვალიფიციური საპროექტო-საინჟინრო კვლევა განხორციელდება. კულტურის სამინისტრომ კი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საქველმოქმედო ფონდი ხელოვანებისთვის" დაფინანსების საკითხი წარადგინა. პროექტის ფარგლებში კომპაქტურად დასახლებული დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს. პროგრამაში ჩართულია 1000-მდე დევნილი ბავშვი და დასაქმებულია 76 დევნილი პედაგოგი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური