საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 20 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014 წლის 20 თებერვალს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 28 საკითხი განიხილეს, დაემატა 4 საკითხი, დამტკიცდა 32 საკითხი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ."
კანონპროექტის მიღების მიზანია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჯგუფების კრიმინალიზებით მათ გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემის სწრაფი დაძლევა, ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით ეფექტური რეაგირება და ამ თვალსაზრისით, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. გამონაკლისს წარმოადგენს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობისათვის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გამოყენება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, საქართველოდან გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. ასეთ ნებართვაზე კონტროლს მთლიანად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ლეგალური ბრუნვა დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს ან მისი წინასწარი თანხმობით უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ. ერთმანეთისგან არის გამიჯნული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ერთი მხრივ და ფარმაცევტული პროდუქტები, ასევე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები - მეორე მხრივ. ამ უკანასკნელებზე ვრცელდება კონტროლის სხვა რეჟიმები და არა ეს კანონპროექტი.
საქართველოს მთავრობამ ასევე დაამტკიცა დადგენილება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ." „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მოხდება სოფლების პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დაკმაყოფილება;
გაძლიერდება მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში. ცვილელება მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო ეფექტურ ფინანსურ მხარდაჭერას ქართული რაგბისადმი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სახეობის მეტ განვითარებას; ეს სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი თანადგომის გამოხატულება იქნება. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური