პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

2014-11-18

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ფინანსურ შეთანხმებას ბრიუსელში 18 ნოემბერს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა მოაწერეს.
გრანტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობას და რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტით 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური საქართველოს დელეგაციასთან ერთად 17 ნოემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას დაესწრო, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა. ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უმასპინძლა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს. მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან.
საქართველოს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა