საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიტანეთში

2014-06-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 11 ივნისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" ოფიციალურ წარდგენას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და „თიბისი ბანკს" წარმატება მიულოცა. მისი განცხადებით, ,,თიბისი ბანკმა" გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს წარმოსაჩენად.
„ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ბანკმა გლობალური მნიშვნელობის ტრანზაქცია განახორციელა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციების წარმატებული პირველი განთავსება და დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ასამდე აღიარებული ინსტიტუციონალური ინვესტორის მონაწილეობა. შედეგად, ,,თიბისი ბანკი" შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი საჯარო კომპანიების რიცხვს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში.
2„ასევე ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ ქვეყნის პრესტიჟი დღითიდღე იზრდება და საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს,"-აღნიშნა პრემიერმა.
ლონდონში ვიზიტისას საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრეზიდენტ ზავიე როლეტს, სიტყვით გამოვიდა „თიბისი ბანკის" საზეიმო მიღებაზე, ასევე სტუმრად იმყოფებოდა "BBC World News"-ის პირდაპირ ეთერში.