საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შვეიცარიაში

2014-01-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შვეიცარიაში 22 იანვარს დაიწყო. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო რიგით 44-ე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.
პრემიერი სიტყვით გამოვიდა სესიებზე - „ ევრაზია - შემდეგი ზღვარი" და "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ", სადაც მან ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.
მანვე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრა მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმაპირისპირ შეხვედრა გამართა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, მათ შორის, ესტონეთისა და შვეიცარიის კონფედერაციისა პრეზიდენტებთან, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, საუდის არაბეთის პრინცთან. პრინც ტურკი ალ ფაიზალთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი მზადაა საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ასევე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტოს თვემდე მოაწერს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. კომპანიის ხელმძღვანელები საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდნენ. მათ ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოხატეს ქართულ ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში.
ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებთან. როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წელს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარების შესახებ. ეს იქნება პირველი დიდი მასშტაბის შეხვედრა კავკასიაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად. ამას გარდა EBRD-ი გეგმავს ახალი ინვესტიციები ჩადოს ქართულ ენერგოსექტორში.
ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვა განახორციელა ტელეკომპანია CNBC -მ. ასევე პრემიერმა ინტერვიუ მისცა სააგენტო BLOOMBERG-ს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.