საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიის სამეფოში

2014-02-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 3-5 თებერვალს ბელგიის სამეფოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის შტეფან ფულესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროსოსთან, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპის საშინაო საქმეების კომისარს სესილია მალმსტრომს, ევროპის ენერგეტიკის კომისარ გიუნტერ ოტინგერს. ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან.
ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა და მასთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სიტყვით გამოვიდა ეგმონტის ინსტიტუტის კონფერენციაზე და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილს დაესწრო.
ბელგიის სამეფოში მნიშვნელოვანი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა წამყვან უცხოურ მედიასაშუალებებს - BBC-ს, ფრანგულ საერთაშორისო სამაუწყებლო ტელეკომპანია FRANCE 24-ს, ასევე REUTERS-ს, EURONEWS-ს, WSJ-ს და LE MONDE-ს.