პრემიერმა პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-26

 2

ჩვენი პოლიციელები არიან ადამიანები, რომლებიც აძლიერებენ ქართულ სახელმწიფოს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციას დღეს თბილისში, პეკინის ქუჩა N46-ში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის გახსნა მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა საზეიმო ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ოთხსართულიანი შენობა კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით 6 თვეში აშენდა. „დღემდე აქ იყო ამორტიზებული შენობა და პოლიციას ძალიან რთულ პირობებში უწევდა მუშაობა. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა. შეიცვალა მხოლოდ შუშის შენობების კონცეფცია, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მინისტრი და სამინისტრო. პოლიციის წარმომადგენლების მუხლჩაუხრელ შრომაზე დგას ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოება და მე, როგორც მთავრობის მეთაური, მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და პოლიციას ახლად გახსნილ შენობაში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახურის - თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფები განთავსდება.
ახალი შენობის საზეიმო გახსნის ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური