საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

შეხვედრა სოკარის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ,,სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან.

შეხვედრის დასაწყისში როვნაგ აბდულაევმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გულითადი მოკითხვა გადასცა. შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთის გაზის დერეფნის ,,შაჰდენიზი 2"-ის პროექტის მიმდინარეობა. ითქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ,,შაჰდენიზი 2"-ის პროექტის განხორციელება 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ბაქოში ჩასულმა რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა, რომელთა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო, სიმბოლური კაფსულა ჩადეს და პროექტის მიმდინარეობა გახსნილად გამოაცხადეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ,,სოკარის" წარმომადგენელი საქართველოში მაჰირ მამედოვი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური