საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

გუდაურში სათხილამურო სეზონი გაიზარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-21

   

გუდაურში სათხიმალურო სეზონი ამინდზე დამოკიდებული აღარ იქნება, სათხილამურო ტრასა ხელოვნური თოვლით უკვე დაიფარა. ხელოვნური გათოვლიანების გამანაწილებელი მართვის ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა და პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ გათოვლიანების სისტემის მოწყობა 5 თვემდე გაახანგრძლივებს სათხილამურო სეზონს, რაც კურორტს გახდის უფრო მიმზიდველს ინვესტორებისთვის და ხელს შეუწყობს სასტუმროების სტაბილურ ფუნქციონირებას.

"სეზონის სტაბილურობა და ხანგრძლივობა განაპირობებს ტურისტების რაოდენობის ზრდას. ამ პროექტმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ინვესტორებს, ბევრი ბიზნესმენია დაინტერესული ინვესტირებით. ეს არი დიდი საჩუქარი ზამთრის სეზონის მოყვარულთათვის და მულოცავ ყველას სეზონის გახსნას,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე პროგნოზით, წლევანდელი სეზონი საკმაოდ აქტიური იქნება და ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია ''DEMACLENKO - the future of snow-ს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გუდაურსა და დიდველზე უკვე განხორციელდა გეოლოგიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები, მოხდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გათოვლიანდა გუდაურში 1,1 კმ-ის, ხოლო დიდველზე 2 კმ. ტრასა. მეორე ფაზა მოიცავს გუდაურსა და დიდველზე წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობასა და გუდაურში დაახლეობით 4 კმ.სასრიალო გზის გათოვლიანებას. გათოვლიანების სისტემის მოწყობის სრული ღირებულება შეადგენს დაახლოებით 23 მილიონ ლარს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური