საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

ღვინის მუზეუმის პროექტის განხილვა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-18

2

საქართველოში ღვინის მუზეუმის დაარსების შესახებ იმსჯელეს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. პროექტის ფარგლებში, თბილისს ღვინის კულტურის ცივილიზაციის ფონდის დამფუძნებელი სანტიაგო ვივანკო ეწვია. მსოფლიოში ცნობილი ვივანკოს დინასტიის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუზეუმის იდეასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.

სანტიაგო ვივანკო გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ღვინის მუზეუმის განხორციელების პროექტში.

„ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში სტუმრობა. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო ისეთ მნიშნვნელოვან პროექტს, როგორიცაა ღვინის მუზეუმი საქართველოში, რადგანაც თქვენი ღვინო მსოფლიო ღვინოების მამაა. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ღვინო უყვარს, უნდა მოინახულოს საქართველო,"-განაცხადა სანტიაგო ვივანკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრნენ.

საქართველოში ღვინის მუზეუმის დაარსების შესახებ იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

3