საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

შეხვედრა სომხეთის სამთავრობო დელეგაციასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-11

 

ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან და სომხეთის სამთავრობო დელეგაციასთან გამართა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ჩვენს ქვეყნებს კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს, რაც ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მტკიცე საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო და სომხეთი, განსხვავებული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორების მიუხედავად, მზად არიან, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებასა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ჰოვიკ აბრაჰამიანმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური