პრემიერ-მინისტრი ბარისახოში გამართულ ,,საუკუნის გზის'' პროექტის პრეზენტაციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

02

''ჩვენი მთავრობის პოლიტიკური ნებაა ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი ყველა იმ პროექტს, რომელიც მოემსახურება დიდ საქვეყნო საქმეს - მოსახლეობის შენარჩუნებას მაღალმთიან სოფლებში'', - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბარისახოში გამართულ "საუკუნის გზის" პროექტის პრეზენტაციაზე. ღონისძიება დღეს ხელოვნების ფესტივალ "ქართული სულის" ფარგლებში ბარისახოში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს პროექტის მხარდაჭერისთვის და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ხევსურეთის დაცლას მოსახლეობისგან და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი25-კილომეტრიანი გზის მშენებლობას.
"ჩვენ ვიწყებთ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მშენებლობას, რომლის გაყვანაც აქამდე ვერასოდეს მოხერხდა. ეს გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს - არხოტსა და როშკას დააკავშირებს ერთმანეთთან, სიცოცხლეს დაუბრუნებს ხევსურულ სოფლებს და მთლიანად ხევსურეთს. და დარწმუნებული ვარ, სამანქანო გზის პირველად გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცევა," - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებლობა მომავალი წლისთვის დაიწყება, რადგან გზის გაჭრა ურთულეს რელიეფზე პირველად უნდა მოხდეს და აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება, გარემოზე ზემოქმედების შესწავლა.

მან ასევე ისაუბრა ციხე-ქალაქ მუცოს, როგორც საქართველოს გამორჩეული ძეგლის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვალია მიხედოს და გადაარჩინოს ეს უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

"პირველი ეტაპისთვის უკვე გამოიყო თანხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მუცოზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ამ ზაფხულსვე. შეჩერდება ძეგლის რღვევის პროცესი და დაიწყება ჩამოშლილი კოშკების აღდგენა. მთლიანი პროექტი სამწლიანია, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება პირვანდელი სახით აღდგენილი მუცო, მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, აღდგენა-რესტავრაციის შემდეგ მუცო ახალი ბრწყინვალებით წარმოჩნდება და ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ფესტივალ "ქართული სულის" ორგანიზატორებმა მთიანი რეგიონის აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფესტივალის მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

2მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო!
მოგესალმებით, თქვენო უწმინდესობავ!
მივესალმები ფესტივალის ორგანიზატორებს და მადლობას მოვახსენებ ამ ლამაზი დღის მოწყობისათვის.
მივესალმები ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლოს თითოეული გოჯი მიწა. დღევანდელი დღეც, ჩვენი შეკრება და ეს ფესტივალი საქართველოს ულამაზესი კუთხის - ჩვენი ხევსურეთის მოვლა-პატრონობას და შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
ხევსურები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს მცველები და ბუნებრივი მესაზღვრეები იყვნენ, ბოლო წლების განმავლობაში იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი უძვირფასესი კუთხე.
ჩვენი ვალია არ დავუშვათ ამ კუთხის დაცლა. სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობას. ამ გზის მშენებლობა გასული წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ჩვენმა პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ დალოცა და ბრძანა, რომ ეს გზა იქნება გაჭირვებიდან გამოსვლის გზა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიწყებთ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მშენებლობას, რომლის გაყვანაც აქამდე ვერასოდეს მოხერხდა, სამწუხაროდ. ეს გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს - არხოტსა და როშკას დააკავშირებს ერთმანეთთან, დაუბრუნებს სიცოცხლეს ხევსურულ სოფლებს და მთლიანად ხევსურეთს და, დარწმუნებული ვარ, სამანქანო გზის პირველად გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცევა.
ამ ურთულეს რელიეფზე პირველად უნდა მოხდეს გზის გაჭრა. ამიტომ აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება და მხოლოდ ამის შემდეგ, მომავალი წლისთვის დავიწყებთ აქტიურ მშენებლობას. და ძალიან მალე დავასრულებთ.
ჩემო ძვირფასებო, არ შემიძლია ამ საკითხს გვერდი ავუარო.
მუცო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და გამორჩეული ძეგლია, ჩვენი სიამაყეა, რომელიც ყველას ანცვიფრებს თავისი სილამაზითა და მიუწვდომლობით. ჩვენი ვალია მივხედოთ და გადავარჩინოთ ეს უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ციხე-ქალაქი, რომელიც არის განადგურების პირას. და სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება.
ჩემი დავალებით, გამოვყავით შესაბამისი თანხები და ჩვენ დავიწყეთ ამ მნიშვნელოვანი ძეგლის რეაბილიტაცია.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საფრთხე დაემუქროს ხევსურეთის და საქართველოს დარაჯად წოდებულ, შუა საუკუნეების ამ უძველეს და ისტორიულ ძეგლს.
კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, ეს არის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამიტომ, ჩვენ სასწრაფოდ მივიღეთ გადამჭრელი ზომები და ამ ზაფხულსვე დავიწყებთ სამუშაოებს იმისთვის, რომ სრულად მოხდეს ძეგლის აღდგენა. მე დარწმუნებული ვარ, აღდგენა-რესტავრაციის შემდეგ მუცო ახალი ბრწყინვალებით წარმოჩნდება და ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე.
აქვე მინდა გითხრათ, თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეგობრებო,
რომ სახელმწიფო იწყებს მთიანი რეგიონების მოვლა-პატრონობას. როგორც ვიცით, მთებს საქართველოს ორ მესამედზე მეტი უკავია და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ შევინაჩუნოთ და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების საშუალება მივცეთ მთის მკვიდრ მოსახლეობას. ჩვენ ხელს ვუწყობთ მთიან რეგიონებში შობადობის მატებას და ვზრუნავთ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამიტომ, ჩვენი ინიციატივით, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან მიიღებს ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას.
ასევე ჩვენ ვმუშაობთ მთის კანონზე, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ჩვენ წლის ბოლომდე, ოქტომბერში მივიღებთ მთის კანონს.
ჩვენი მთავრობის პოლიტიკური ნებაა ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი ყველა იმ პროექტს, რომელიც მოემსახურება დიდ საქვეყნო საქმეს - მოსახლეობის შენარჩუნებას მაღალმთიან სოფლებში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ საქმეს ერთად, თქვენი ჩართულობით აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ვინაიდან მთა ჩვენი სიძლიერეა, ჩვენი სიამაყეა, მთა ყველაზე კარგად ინახავს ქართულ სულს, ქართულ გენს, ჩვენს ადათ-წესებს, და ჩვენი ვალია, მას მოვუაროთ, მოვუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ უნიკალური ტრადიციები და შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა. და თუ მთა იქნება ძლიერი, მჯერა, ჩვენი სამშობლოც იქნება ძლიერი.
დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, მის უწმინდესობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

3