საქართველოს მთავრობა – წლიური ანგარიში

ანგარიში 2009

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
წლიური ანგარიში (2009 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)

საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის კანცელარია თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმებს, ოფიციალურ კორესპონდენციას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის თაობაზე მიღებულ პასუხებს, რეზოლუციათა ასლებს. საჯარო ინფორმაციის გაცემისას დაცული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ინფორმაციის გაცემის ვადები.

2008 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 112 წერილობითი განაცხადი, აქედან დაკმაყოფილდა 53 მოთხოვნა, 58 განაცხადი კი ზემოაღნიშნული კოდექსის მე-40 და მე-80 მუხლების შესაბამისად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „თ" პუნქტის თანახმად მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნებოდა პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას, რომელთა გაცემის წესი დადგენილია ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საკადრო საკითხთა დეპარტამენტში კოდექსით გათვალისწინებული თანამდებობის პირთა სათანადო მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხდომები იმართებოდა საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად რიგი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა საჯაროდ, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენელთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იმართებოდა ბრიფინგები და პრესკონფერენციები.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებდა მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული განცხადების განხილვისა და მასზე უარის თქმის დროს საქართველოს მთავრობის კანცელარია ხელმძღვანელობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსული ადმინისტრაციულ საჩივარზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ იქნა 2008 წლის N198 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს მთავრობის კანცელარიას არ დაკისრებია.