საქართველოს მთავრობა – სიახლეები

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-14

„ფრეიზერის ინსტიტუტის" „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ახალი რეიტინგით საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია.

ახალ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. შესაბამისად, საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ (მე-6), ლიეტუვა (მე-7), ავსტრალია (მე-9), დანია (მე-10), დიდი ბრიტანეთი (მე-12), ესტონეთი (მე-13), კანადა (მე-14), სომხეთი (მე-15), იაპონია (მე-18), ჰოლანდია (მე-19), ლატვია (მე-20), ფინეთი (21-ე), გერმანია (22-ე), ავსტრია (28-ე), ლუქსემბურგი (30-ე), ბელგია (45-ე), სამხრეთ კორეა (47-ე), სლოვაკეთი (47-ე), საფრანგეთი (53-ე), მოლდოვა (66-ე), პოლონეთი (75-ე), რუსეთი (მე-100), თურქეთი (114-ე), ბელორუსი (114-ე), აზერბაიჯანი (121-ე), უკრაინა (129-ე) და სხვ.

რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10-ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:

ზღვრული საგადასახადო განაკვეთი;
მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე;
უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება;
შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;
ფინანსური გახსნილობა;
კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება; უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლის თავისუფლება;
სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება" შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით.

რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუტების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ.