პოლიციელებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა ამოსაბეჭდი ვერსია

პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა. თბილისსა და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა უკვე გადაეცა, ბათუმში კი, მშენებლობის პროცესი გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიანი პირობებით მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები. პროექტის მიხედვით, პოლიციელებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ.

პროექტის მონაწილე ყველა პირი 77.4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას „თეთრი კარკასის" მდგომარეობაში იღებს.

ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.

ბინათმშენებლობის პროექტით, შეღავათიანი ფასით ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი, კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.