საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ვაშლის, თხილისა და მანდარინის ექსპორტი გაიზარდა

2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე, 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ვაშლის, თხილისა და მანდარინის ექსპორტი გაიზარდა.

განხორციელდა 9.8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამაც 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება წინა სეზონის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ამავე პერიოდში განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამაც 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის ექსპორტის მოცულობა 49%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 51%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანისა და თხილის სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის მოსავალი და შესაბამისად ექსპორტი მცირდებოდა. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანის წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

ასევე აგვისტოდან იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 38 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამაც 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მანდარინის ექსპორტის მოცულობა 23%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 15%-ით აღემატება წინა სეზონის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.