საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გუდაურში პირველად აშენდა საბავშვო ბაღი ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-10

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა.

გუდაურში ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ არსებობდა.

საბავშვო ბაღის აშენებამ გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილებიც გააჩინა.

საბავშვო ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ასევე მოეწყო საბავშვო ბაღის ეზო და ბაღამდე მისასვლელი გზა.

აღსანიშნავია, რომ დაბა გუდაურს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის აქვს. მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, მაღალმთიან დასახლებებში:

გაიცემა სახელმწიფო პენსიაზე დანამატი (+20%) .

პენსია მთაში 2021 წლიდან - 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარია.

სამედიცინო პერსონალისთვის გაიცემა დანამატები:

ექიმებისთვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით ;

ექთნებისთვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
(დანამატები გაიცემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში).

მასწავლებლებისთვის გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით

ამასთან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა უწყვეტად მიმდინარეობს. ხელფასები გაიზარდა 2021 წლიდანაც.

გაიცემა დახმარება ახალშობილებისთვის:

პირველ და მეორე შვილზე - 1 წლის განმავლობაში 100 ლარი;

მესამე და შემდგომ შვილზე - 2 წლის განმავლობაში 200 ლარი;

სოციალური პაკეტის მიმღებთათვის გაიცემა დანამატი (+20%);

მოქმედებს ელექტროენერგიის შეღავათი:

ფინანსდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%, მაგრამ არა უმეტეს 100 კვტ.სთ-სა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეღავათებით პირველ ეტაპზე 3 თვის, ახლა კი 4 თვის განმავლობაში ოჯახებს უფინანსდებათ კომუნალური გადასახადები.

გაიცემა დანამატი მწვრთნელებისთვის (50 ლარიდან ზევით);

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით.