საქართველოს მთავრობა – სიახლეები

აბასთუმნის ურბანული განახლება გრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-08

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის 2020 წელს დასრულდა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე XIX-XX საუკუნეების 18 ისტორიული სახლის, ასევე ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია.

დასრულდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ასევე წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები. შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა.

გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 77-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი, ასევე არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები.

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავს მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, ცენტრალური გზისა და საუბნო გზების რეაბილიტაციას. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, ველობილიკების, რეკრეაციული ზონების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

2022 წლის პირველ ნახევარში დაბა აბასთუმანი სრულად განახლებული, თანამედროვე კურორტი იქნება.

აბასთუმნის ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.