საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თხილის წარმატებული სეზონი სამეგრელოში ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-06

წინა წლებში არსებული გამოწვევების წარმატებულად დაძლევის შემდეგ, წელს სამეგრელოში მაღალი ხარისხის უხვი მოსავალია.

მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოდან თხილის ექსპორტის მონაცემებიც - 3 სექტემბრის მდგომარეობით, ექსპორტირებული 1 797 ტონა თხილია, რაც 81% -ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათას ტონაა, რაც 2019 წელთან შედარებით 15 ათასი ტონით მეტია. ექსპორტიდან მოსალოდნელი შემოსავალი კი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარია.

თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში თხილის გადამმუშავებელი - 20-მდე ახალი საწარმო შეიქმნა, 27 კი გაფართოვდა.

მხოლოდ სამეგრელოში, თხილის მიმართულებით, 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა და 13 გაფართოვდა. ახალ საწარმოებში 1 000-მდე მოქალაქე დასაქმდა და განხორციელდა 13 მლნ ლარამდე ინვესტიცია. ასევე გაიხსნა 1 კოოპერატივი - ,,რკ დარჩელის თხილი''.

ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი გამოწვევის - აზიური ფაროსანის წინააღგმდეგ სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ მასშტაბური ღონისძიებები განხორციელდა - სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ცივი შესხურების მეთოდით შეწამლულია 38 294 ჰა ფართობი,ხოლო თერმული ნისლის ტექნოლოგიებით დამუშავდა 53 070 ჰა ფართობი.

დარგის მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან" ერთად შეიმუშავა შეიმუშავა თხილის გადარჩენის პროგრამა, რომლის ფარგლებში ასოციაციას გადაეცა 2500 ერთეული თხილის შესაწამლი აპარატი, გადამზადდა და შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ იქნა 150 აგროკონსულტანტი. შედეგად ასოციაციაში გაწევრიანდა 25 000 ფერმერი, რომელებმაც მიმდინარე წელს კარგი ხარისხის თხილის მოსავალი მიიღეს.

მეთხილეობის სექტორის განვითარებისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაძლიერდა ექსტენციის სამსახურები საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების სახით. პროექტ „მობილური ექსტენციის"ფარგლებში, 129 სოფელში გადამზადდა 6 872 ფერმერი.