79-ე საზოგადოებრივი ცენტრი ჭიათურაში გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-27

რიგით 79-ე საზოგადოებრივი ცენტრი ჭიათურაში გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ჭიათურისა და მიმდებარე სოფლების - კაცხის, მანდაეთის, ნიგოზეთის, პერევის, რგანის, გეზრულის, ვაჭევის, ზოდის, სარქველთუბნის, სვერის, ქვაციხის, წირქვალის, ხვაშითის და სხვ. - 53 000 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.

ჭიათურის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მე-17 იქნება. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში და ახლა უკვე ჭიათურაშიც.

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/ge/centers