საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პრეზენტაციისას განმარტა, რას გულისხმობს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-28

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ კრიზისით დაზარალებულ სექტორს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ ამ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და უძრავი ქონების ბაზარზე განვითარებულმა სირთულეებმა არ დააზიანოს ეკონომიკის სხვა სექტორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. 

მისი თქმით, გეგმა არა მხოლოდ სოციალური, არამედ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკის არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც პანდემიამდე საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა.

„სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს დაახლოებით 9 პროცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორის სწრაფი გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოსვლა არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა პოსტკრიზისულ პერიოდში. ამ სექტორში პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი, თუმცა ამ საქმიანობის წარმატებასთან დაკავშირებულია ბევრი სხვა ეკონომიკური საქმიანობა, დაწყებული სამშენებლო მასალების წარმოებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაჭრობით დამთავრებული. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც სახელმწიფო დგამს ამ სექტორის მხარდასაჭერად, პირდაპირ ეხმარება 120 000 ადამიანს და ასევე ერთი ამდენ ადამიანს, რომ შეინარჩუნოს შემოსავლის წყარო. ამ სექტორში კრიზისის დროს მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა ასევე ტურისტულ სექტორში განვითარებულმა მოვლენებმა. ბევრი ადამიანი ყიდულობდა ბინას და შემდეგ აქირავებდა ტურისტზე, შესაბამისად ტურისტების რაოდენობის შემცირებამ სექტორს დამატებითი პრობლემები შეუქმნა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.7 მილიონი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ მშენებლობის პროცესში ჩართული მოქალაქეებისთვის ეს  შემოსავლის ძირითადი წყაროა. 

„დაახლოებით 25 000 ჩვენს მოქალაქეს აღებული აქვს იპოთეკური სესხი საცხოვრებელი  ბინის შესაძენად, განხორციელებული აქვს წინასწარი შენატანები, გაკეთებული აქვს რამდენიმე სესხის შენატანი და სხვა ხარჯები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, სექტორის დახმარებით, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ამ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი, მიიღონ შემოსავლები, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკვე გაწიეს ფინანსური ხარჯები, აიღეს სესხები და განახორციელეს უძრავი ქონების შესყიდვა, დავეხმაროთ იმისთვის, რომ მათ, ეს ფინანსური რესურსი, ეს ფული არ დაკარგონ და ეს მშენებლობები დასრულდეს", -  აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დეველოპერული სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა, რომელზეც მთავრობა სექტორთან არაერთი კომუნიკაციისა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შედეგად შეჯერდა. 

„პირველი, ეს არის გაყიდვების შემცირებული მოცულობა. მეორე -  მშენებლობის დასრულების  რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია. მესამე  არის ფასების მერყეობა და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ქმნის სირთულეებს არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემა გახდეს ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის. მეოთხე არის თავად სამშენებლო კომპანიების, დეველოპერული კომპანიების წვდომა ფინანსებზე", -  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და დეველოპერულმა სექტორმა, ერთობლივად შეიმუშავეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებები.

„ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია, დეველოპერულ სექტორში გავზარდოთ მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შეძენა გავხადოთ უფრო მეტად ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხებს, უძრავი ქონების შესაძენად. რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, მთავრობა დაასუბსიდირებს სესხის საპროცენტო განაკვეთს 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7 პროცენტამდე, რაც ისტორიული მინიმუმია. არასოდეს ლარში დენომინირებულ სესხებზე მსგავსი დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩევლის განმარტებით, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

„რატომ 5 წლის განმავლობაში - მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 10-წლიანი ან 15-წლიანი, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შეუმსუბუქოს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მეორე ღონისძიება, რომელსაც მთავრობა სექტორს სთავაზობს არის ის, რომ სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე.

„ნებისმიერი ფინანსური კრიზისის დროს იზრდება რისკები, რომ ადამიანები დაკარგავენ შემოსავალს,  შეუმცირდებათ შემოსავალი, მსესხებლები ვეღარ შეძლებენ სესხის გადახდას -  რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები ჩვენთან ამ კრიზისის შემდეგაც არ მოხდეს და ამაზეა მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის პაკეტის ნაწილში. რისკების ზრდა, როგორც წესი იწვევს წინასწარი შენატანების ზრდას ბინის შესყიდვის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის იზრდება ერთიანად გადასახდელი ხარჯები და დანაზოგები, რომელთა გადახდა მათ ბინის შეძენისას აქვთ განზრახული. იმისთვის, რომ არ მოხდეს წინასწარი შენატანების გაზრდა და ზოგადად, საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს, მთავრობა ახორციელებს ყველა, წლის ბოლომდე არსებული იპოთეკური სესხის გარანტიას 20 პროცენტის ოდენობით. ამ ღონისძიებით სახელმწიფო ფაქტობრივად გამოდის თანამსესხებელი მისი მოქალაქისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი გარანტიის პირობებში პირველადი შენატანი შესაძლოა არათუ არ გაიზარდოს, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდეს, შესაბამისად ეს არის დამატებითი ღონისძიება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ადამიანისთვის საცხოვრებელი ბინის შეძენა. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა, პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანაკლებ 10 პროცენტისა, - განაცხადა ბექა ლილუაშილმა.

პრემიერის მრჩეველის თქმით, როდესაც მთავრობა საუბრობს, რომ მიმდინარე კრიზისი  უნდა აქციოს მნიშვნელოვან შესაძლებლობად, მათ შორის გულისხმობს იმასაც, რომ მთავრობის  მიერ განხორციელებულ თითოეულ ღონისძიებას უნდა მოჰყვეს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სარგებლის მოტანა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამას ემსახურება  ღონისძიება, რაც გულისხმობს, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო ეხმარება დეველოპერულ სექტორს, რათა გაყიდვების პრობლემა გადაჭრას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება  დევნილ მოსახლეობას, რათა დაჩქარდეს მათი საცხოვრისით დაკმაყოფილების პროცესი.

„ამ მიზნით, სახელმწიფო, გარდა იმ რესურსებისა, რაც მას უკვე გამოყოფილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და რითაც ახორციელებს დევნილების მხარდაჭერას საცხოვრებელი ფართით, შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი წარმოადგენს 150 მილიონ ლარს და რომელიც სრულად მიიმართება იმისთვის, რომ სახელმწიფომ წლის ბოლომდე დეველოპერული სექტორისგან იყიდოს 150 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები. ეს არის დაახლოებით 1800 საცხოვრებელი ბინა და შესაბამისად, 1800 დამატებით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახი. ეს ნიშნავს, რომ 1800 დევნილი ოჯახი დაახლოებით 3 წლით ადრე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით იმ გეგმასთან შედარებით, რომელშიც გაწერილი გვქონდა ამ ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილება", -  აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ ამ პროცესში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს სრულიად გამჭვირვალედ, აუქციონის წესით და შესაბამისად, მთავრობა დეველოპერულ სექტორს ამ პროცესში მონაწილეობას სთავაზობს.

ბექა ლილუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან.

„ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ სამშენებლო სექტორში კრიზისების დროს პრობლემაა მიმდინარე მშენებლობის დასრულება. ამ რისკების ზრდა ნიშნავს, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები სამშენებლო კომპანიამ უნდა გაუშვას სამსახურიდან. ასევე ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც შეძენილი აქვს მშენებლობის პროცესში არსებული უძრავი ქონება, დაკარგავენ იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გადაიხადეს ბინის შეძენისთვის. ჩვენ დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობით  დაზარალებული ადამიანები და სახელმწიფო დღემდე აგრძელებს ამ ადამიანებზე ზრუნვას. სწორედ იმისთვის, რომ მიმდინარე კრიზისის პერიოდში მსგავსი რისკები დავაზღვიოთ, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეუბნება მშენებელს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობების 30 პროცენტს თქვენ ვერ გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, ანუ ვერ მოახდენთ მის რეალიზაციას,  სახელმწიფო ამ მოცულობის საცხოვრებელ ფართებს  შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში. ეს არის ის გარანტია, რომელიც საშუალებას აძლევს ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა და შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და შემოსავლის წყარო და მეორე მხრივ, სექტორს აძლევს იმის გარანტიას, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს სამშენებლო ფართების 30 პროცენტის რეალიზაციას სახელმწიფოზე, შესაბამისად, მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ სექტორმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობის დროებითი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაც თბილისის მერიამ 2019 წლის მაისიდან დაიწყო.

მისი თქმით, იმ 30 განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს, დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4 000-მდე ადამიანი  დაკმაყოფილდება.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არა მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს", - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

მისივე თქმით, მთავრობა არ არის ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან მიზნებსა და ამოცანებზე, ცდილობს, რომ ეს კრიზისი აქციოს სხვადასხვა შესაძლებლობად და ამ სულისკვეთებით ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც გრძელვადიან პერიოდშიც სისტემური გაჯანსაღების კომპონენტს შეიტანს სხვადასხვა სექტორში, ამ შემთხვევაში დეველოპერული მიმართულებით.

ბექა ლილუაშვილმა  განაცხადა, მთავრობა სექტორთან  შეთანხმდა იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით.

„აქ საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, ისტორიულად, ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების  დანერგვა ამ სექტორის საქმიანობაში და ჩვენ გადავწყვიტეთ და სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით. ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. როდესაც მშენებელი სესხის საშუალებით ყიდულობს უძრავ ქონებას, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს. შემდეგ, თუ მშენებელი სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე დადგება იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ დაასრულოს მშენებლობა, Escrow ანგარიშის გამოყენებით მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და სამშენებლო პროცესის პარალელურად, ან დასრულების შემდეგ მას შეუძლია ამ თანხების გამოყენება. ეს ნაბიჯი მრავალ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გააჯანსაღებს სექტორის მდგომარეობას. ეს არ იქნება სავალდებულო ყველა დეველოპერული კომპანიისთვის, ეს შეეხება გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიებს და გაყიდვების გარკვეულ მოცულობას. ამ საკითხზე სექტორთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეული ღონისძიების მიხედვით საჭირო ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება იმას, რომ პირველ რიგში სექტორში, როგორც პირდაპირ ასევე, სექტორთან დაკავშირებული სხვა საქმიანობებში დასაქმებულ მოქალაქეებს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილები, დაეხმარონ დეველოპერულ სექტორს, დაასრულოს მშენებლობები და მოქალაქეები, რომლებმაც უკვე გაწიეს ფინანსური ხარჯი, მთავრობამ ამ ფულის დაკარგვისგან დაიცვას.

მისი თქმით, 200 მილიონი ლარი არის საგარანტიო ფონდი შესყიდვებისთვის, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია სექტორისთვის, შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში შესყიდულ უძრავ ქონებასაც სახელმწიფო გამოიყენებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებისთვის.

„4 ღონისძიება ჯამურად ჯდება 434 მილიონი ლარი, 70 მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ სახელმწიფომ დაასუბსიდიროს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, 14 მილიონი ლარია სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე, 150 მილიონი ლარი არის ის თანხა, რომელსაც დამატებით მოვახმართ ჩვენს დევნილ ოჯახებს და 200 მილიონი ლარი ეს არის საგარანტიო ფონდი შესყიდვებისთვის, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია სექტორისთვის. შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში შესყიდულ უძრავ ქონებასაც სახელმწიფო გამოიყენებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებისთვის", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დეპუტატები, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი და სამშენებლო-დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.