საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი - დღეს ქვეყანაში არის კორონავირუსის 200-ზე მეტი დადასტურებული ფაქტი, რაც იძლევა შემთხვევების რაოდენობის გაზრდის საფუძველს, შესაბამისად, აუცილებლად ყველამ დაიცვას შემოღებული რეგულაციები და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-04-08

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შესაბამისად, ჩატარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის გასასვლელში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, - ამის შესახებ კორონავირუსთან  დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, უკვე დადგენილია გარკვეული კონტაქტები და მიმდინარეობს მუშაობა.
 
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საზოგადოებას covid-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სტატისტიკა გააცნო.
 
„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოში გვყავს 208 ადამიანი დადასტურებული კორონავირუსით, ასევე, 48 გამოჯანმრთელებული, 4682 ადამიანი იმყოფება კარანტინში და 375 სტაციონარში, ყურადღების ქვეშ. სამწუხაროდ, გვაქვს 3 ლეტალური შემთხვევა,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
როგორც მან აღნიშნა, ტელეკონფერენციის საშუალებით ჩატარებული სხდომის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს წარედგინა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომაში მონაწილეობა საბჭოს ყველა წევრმა მიიღო.
 
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის კორონავირუსის 200-ზე მეტი დადასტურებული ფაქტი, რაც იძლევა შემთხვევების რაოდენობის გაზრდის საფუძველს, შესაბამისად, აუცილებლად ყველამ დაიცვას შემოღებული რეგულაციები და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს სახლიდან.
 
მისივე თქმით, მხოლოდ არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თითოეულ მოქალაქეს და, აგრეთვე, სამედიცინო სისტემას შევუმსუბუქოთ შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ზეწოლა.
 
„დღეს ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის 200-ზე მეტი დადასტურებული ფაქტი, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენ კვლავ გვაქვს მოლოდინი შემთხვევების რაოდენობის გაზრდისა, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველა ბიზნესსუბიექტს, თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს, აუცილებლად ყველამ უნდა დავიცვათ შემოღებული რეგულაციები და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან. Covid-19-თან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ პროცესში ვიმყოფებით და მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს თანამოქალაქეს და სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა,  რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება და შესაძლებლობა და აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა რეგულაცია, პროტოკოლი და შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაშია დაწესებული,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა იმ საწარმოების მიერ უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ფუნქციონირებას აგრძელებენ და აღნიშნა, რომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც უფლება აქვს მიღებული ფუნქციონირება გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
 
„ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს უფლება მიღებული, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, იმისათვის, რომ მათ დაიცვან ყველა ის რეგულაცია და სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო და შემოწმებას ერთობლივად რამდენიმე უწყება აწარმოებს. ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. შემოწმებული იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, როცა სრულად იყო დაცული რეგულაციები, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მიღებული იქნა აღნიშნული მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება, ვიდრე ისინი სრულად არ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  მიმდინარეობს ასევე მუშაობა სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან და აგრარული ბაზრების ადმინისტრაციებთან ერთად.
 
„ჩვენ ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან და აგრარული ბაზრების ადმინისტრაციებთან ერთად, რომ ყველა ზომა იქნას დაცული, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა აღმოფხვრილი იქნას ყველა შესაძლებლობა ჩOVID-19-ის გავრცელებისთვის. პრაქტიკულად, ყველა აგრარული ბაზარი იქნა დაკეტილი, თუმცა გუშინ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ იქნა დამტკიცებული სპეციალური პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისათვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გააგრძელოს ფუნქციონირება და საბითუმო რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს საკუთარი სერვისები, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური