საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება, საზღვრებზე კი დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-20

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის და კოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში, გაივლის კარანტინს.

„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, იცით, რომ რამდენიმე დღეა უკვე, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ყველა ადამიანი ვინც შემოვა საქართველოში მიუხედავად იმისა, თუ საიდან შემოვა, გადაინაცვლებს საკარანტინო სივრცეში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ, მათ მიმართ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეში, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს, მოეწყობა დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობას საშუალებას მისცემს, უკეთესად მოხდეს ვითარების მართვა.

„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ყველა ადამიანი, ვინც შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, ისინი გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, დაიხურება ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი, გარდა კვების და სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა.

მისი თქმით, სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა იყოს დახურული.

„მინდა შევეხო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებით - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვების და სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა. სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა იყოს დახურული", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დამატებით განსაზღვრული ახალი გეგმები, ახალი სტიმულირების პაკეტის შემუშავება ბიზნეს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ.

„პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში. დამატებით უნდა განისაზღვროს ახალი გეგმები და ახალი სტიმულირების პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გაუმკლავდნენ კორონავირუსის გამოწვევას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური