საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი - აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის

2020-03-19

 

აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის - მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი. 

„ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, მაგრამ არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მისი თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან.

„მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასევე ის ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს ჩვენი თანამოქალაქეები არ ემორჩილებიან, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისათვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია დღეიდან გადავიდა მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების განსხვავებულ რეჟიმზე და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავრცელდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის საშუალებით და ყველა მედია საშუალებას ექნება შესაძლებლობა ეს სიგნალი მიიღოს.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა,  დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ზომები და შეზღუდვები.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. 

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.


როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, ქვეყანაში საკვები პროდუქტების მარაგი საკმარისზე მეტია და ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. 

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  მოახსენეს თუ რა ვითარებაა საკვებ მარაგებთან დაკავშირებით. როგორც აქამდე ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვების მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. როგორც  მოგეხსენებათ გუშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, რა თქმა უნდა ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით,  შეგვექმნა მექანიზმი ფასების შეკავების, ეს მექანიზმი პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ, არა 7 პროდუქტზე არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და, რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად.  ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებს მიეცათ ასევე რეკომენდაცია, მათ მფლობელობაში არსებულ იჯარით გაცემულ ქონებაზე გადასახადების შეჩერების შესახებ.

„თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებას, რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, იგივე რეკომენდაცია ასევე მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტს. ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების იჯარით, სავაჭრო ობიექტებზე, მათ არ მოსთხოვონ მოიჯარეებს გადასახადი. რა თქმა უნდა, ყველა ამ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესია, ასევე, რომ ყველამ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან არსებობს და დავრჩეთ სახლში. ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიზიაროს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება.

„ეს მოგცემს საშუალებას, რომ პირველ რიგში, დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნილება, რომელიც გააჩნიათ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს და შემდგომ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას, შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით. 
„როგორც იცით, სახელმწიფოს სექტორში უკვე გათავისუფლებულია საწოლი ადგილები, თუმცა ასევე არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ საჭიროების შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში შეიქმნება კიდევ დამატებითი სიმძლავრეები, რომელიც საშუალებას მოგცემს, უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს გაუწიოს დახმარება სამედიცინო სექტორმა. აქვე გეტყვით, რომ დღეს, დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ანუ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს",  -  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისათვის, რათა შეიქმნას მარაგები სწრაფ ტესტებთან მიმართებაში და ამასთან დაკავშირებით  საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე გაიცა რეკომენდაცია, რომ დამსაქმებლებმა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს, სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.


„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა  სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც გადაადგილება მოუწევთ იმისათვის, რომ გამოცხადდნენ სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, რომ მათაც მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ესპანეთში დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

„გვაქვს სამწუხარო ფაქტი - ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკული დაავადებები. საქართველოს მთავრობა პერმანენტულ კონტაქტზეა ოჯახთან და დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიპლომატიური სამსახურები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, შექმნილია ცხელი ხაზი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად, დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური