საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-01

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული ფორმატით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები.
ამასთანავე, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა, ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, საერთაშორისო ნორმების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფა.
აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვისას, ხაზი გაესვა 2018 წლის რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციას. მსგავსი დინამიკაა საავიაციო, სარკინიგზო-საბორნე, საავტომობილო მიმოსვლის, ასევე ტურიზმის სფეროში.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ისაუბრა ორმხრივ სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებში ჩართული ქართული კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე.

განხილულ იქნა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ მხარეებმა დაასრულეს შეთანხმებით გათვალისწინებული მოსამზადებელი პერიოდის პროცედურები და დღის წესრიგში დგას მისი განხორციელების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამ თვალსაზრისით გამოითქვა კონკრეტული წინადადებები.

ასევე განხილული იქნა ქონებრივი და სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი.
პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.