ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-07

„ილია - ჩვენი თანამედროვე" - ამ სლოგანით, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, 8 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება ლიტერატურული კონკურსით თემაზე - „ილია - ჩვენი თანამედროვე"; გურამიშვილების მარანში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და ლექცია თემაზე - „ილია და მეღვინეობა"; ხელოვანებისა და პუბლიცისტებისთვის, 8 კატეგორიაში გაიცემა ილიას პრემია; მოეწყობა საბავშვო-გასართობი კუთხეები; კინოჩვენება, გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა; საღამოს დაასრულებს მუსიკალური პროექტი „საგურამოს ეზო", რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს, თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, მოქალაქეებს უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები ვარდების მოედნიდან 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.


8 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - „ილია ჭავჭავაძე - 180".

10:00 საათიდან დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები ყვარელში. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება; ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; კახური ტრადიციული კერძებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დაგემოვნება; ასევე, დაჯილდოვდებიან 2016 -2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები.


ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი თბილისში 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. თბილისის კლასიკური გიმნაზია უმასპინძლებს გამოფენას - „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს", რომელზეც წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის ნივთები; ასევე, დაარსდება სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოება. 8-დან 20 ნოემბრის ჩათვლით კი, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია-დისკუსიები გაიმართება.


9 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგმება სპექტაკლი „ მგზავრის წერილები"; ხოლო 10 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში -„კაცია-ადამიანი?!".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური