ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-08

2017 წლის 7 თებერვალს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გიორგი გიუნაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონო გადაწყვეტილებაზე, რამაც საქართველოში, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

გაიმართა საუბარი პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე - განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით 2016 წლის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები ამ მიმართულებით.

აღინიშნა, რომ 2013 წლიდან, ქართულ-რუსული დიალოგის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან რუსეთის ბაზარზე გატანილ იქნა 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. პროგრესია საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების კუთხით, მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ. გათავისუფლდა საქართველოს 7 მოქალაქე, რომლებიც რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ.

ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე ელოდება რუსეთის მზაობას, შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად.

გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის მხარე, შვეიცარელ კოლეგებთან ერთად, შეეცდება დააჩქაროს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა.

რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.