საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რესტავრაცია ჩატარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-28

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რესტავრაცია ფონდ „ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა

პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს.
მათ შორის:
• გამაგრდა ფუნდამენტი
• სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა
• განახლდა და პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს
• სრულიად შეიცვალა სცენის ზედა-ქვედა მექანიზაცია
• გაფართოვდა საორკესტრო ორმო
• დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები
• რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი
• თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით
• სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს
• თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით
• გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი
• თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე
•მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო
• გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს
• სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა
• რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით, ავსტრიული ბროლით დამზადებულ 600-ნათურიან ჭაღს
• საერთო ჯამში ჭაღის და მთლიანად ოპერის თეატრის განათების სისტემას, რესტავრაციამდე, აკლდა დაახლოებით 12 000 ერთეული ბროლის დეტალი. იგივე მონაცემების ბროლი ფონდმა ,,ქართუმ" კომპანია ,,სვაროვსკისაგან" შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ოპერის თეატრის განათების სისტემაში გამოყენებულ ბროლის ზოგიერთ დეტალს კომპანია აღარ აწარმოებდა, ფონდი „ქართუს" ძალისხმევით კი მოხდა ამ დეტალების სპეციალური შეკვეთა და დამზადება.

დღეს უკვე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს. ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა. „აბესალომ და ეთერის" პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერის განახლებულ შენობაში, პირველ საბალეტო პრემიერას-დავით თორაძის „გორდას" 2016 წლის 12 თებერვალს წარმოადგენს.

ალბომში წარმოდგენილია ოპერისა და ბალეტის თეატრში დაცული საარქივო ფოტომასალა და ფოტოგრაფების - ბესო გულაშვილის, გიორგი კაკულიასა და ნინო ალავიძის
(www.agenda.ge) ნამუშევრები.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თეატრის შენობის ამსახველი ფოტომასალა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ.

 

ფოტოალბომი