საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 29 იანვრის მთავრობის სხდომა

2013 წლის 29 იანვრის მთავრობის სხდომა2013 წლის 29 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 30 საკითხი, დაემატა 5 საკითხი, მათგან დამტკიცდა 32, ხოლო 3 საკითხი დამატებით შესწავლის მიზნით გადაიდო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდიდან საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მინიმუმ 300-ლარიან ვაუჩერს დაახლოებით 600 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებს. "ფონდი უკვე დაფუძნებულია და მალე პრეზენტაციაც გაიმართება. შეძენილია ტექნიკა, რომელიც დაახლოებით მარტისთვის საქართველოში იქნება. თუმცა ამის მიუხედავად, ყველაფერი მზადაა, იმისთვის, რომ საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყოს. უკვე აღწერილია 800 000 ნაკვეთი, დაახლოებით 600 000 ბენეფიციარი მიიღებს ვაუჩერს, რომლის მინიმალური ოდენობა 300 ლარი იქნება. ასევე არის მეორე თავისუფალი ვაუჩერი და მთლიანობაში ეს პაკეტი 640 ლარამდე ადის", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ.

დღესვე მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ". აღნიშნული საკითხის დამტკიცების საფუძველზე, საჯარო სკოლების ყველა პედაგოგს ხელფასი 70 ლარით გაეზარდა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური