საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 15 იანვრის მთავრობის სხდომა

2013 წლის 15 იანვრის მთავრობის სხდომა2013 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 39 საკითხი იყო შეტანილი, სხდომის მსვლელობისას დაემატა 3 და გადაიდო 5 საკითხი.
მთავრობის წევრებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს და დაამტკიცეს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ". ცვლილების მიხედვით, საუბარია პროკურორის თანხმობაზე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, თუ ბრალდებულს არ სურს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და ამ უარს პროკურორი და შემდგომში სასამართლოც ეთანხმება, მაშინ კონკრეტული ბრალდებულის საქმეს მოსამართლე განიხილავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის უარს პროკურორი არ დაეთანხმება, საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმსჯელებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში მოხდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური