საქართველოს მთავრობა – მთავრობის წევრები

თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს, ქ. თბილისში.
1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი ფილოსოფიისა და ლიტერატურის განხრით;
1997 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
1998 წელს დაამთავრა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიის აკადემია;
1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში ალექსანდრე რონდელის ხელმძღვანელობით;
1998 წელს წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის სახელმწიფოსათვის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოსა და უზენაესი საფინანსო სასამართლოს მოსამართლეებს, პრეფექტებს, ელჩებსა და სხვა მაღალი რანგის მოხელეებს ამზადებს. სწავლის პერიოდში თეა წულუკიანი მუშაობდა ქალაქ ლე მანში (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის საკითხებზე;
2000 წელს დაამთავრა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA);
2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი (იურისტი); 2005 წელს მიენიჭა უფროსი იურისტის საკლასო ჩინი; 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე;
2010 წლის თებერვალში გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა პოლიტიკურ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს", როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში;
2012 წლის 1 ოქტომბერს ნაძალადევის სამაჟორიტარო ოლქიდან არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად (კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო");
2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას;
2019 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე;
2020 წლის 31 ოქტომბერს არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად და თავმჯდომარეობდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს;
2021 წლის 22 მარტიდან არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.