საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 1 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2012 წლის 1 აგვისტოს მთავრობის სხდომა ქუთაისის მთავრობის სახლში2012 წლის 1 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისის მთავრობის სახლში, პრემიერ-მინისტრ, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა მიმოიხილა.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემები განიხილეს. ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვანში და ხარაგაულში ახალი კლინიკების მშენებლობის დასრულების შემდეგ იმერეთის ყველა რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს საშუალება ექნება ისარგებლოს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულებებით.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრების უმრავლესობა კვირის დასრულებამდე დარჩება იმერეთში, მოივლიან რეგიონის სოფლებს, მოსახლეობას პირადად გააცნობენ მთავრობის ახალ ოთხწლიან სამოქმედო გეგმას „მეტი სარგებელი ხალხს" და მიიღებენ ინფორმაციას მათი პრობლემების და საჭიროებების შესახებ. მინისტრები აგრეთვე დაათვალიერებენ რეგიონში მიმდინარე სკოლების რეაბილიტაციის პროცესს, გაეცნობიან უმუშევართა რეგისტრაციის მიმდინარეობას, შეხვდებიან დევნილებს და ჭიათურაში მიწისძვრით დაზარალებულებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობა მთავრობის წევრებს დაეხმარება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის დროს იმერეთში არსებული პრობლემების გათვალისწინებაში.