საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 30 მაისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 30 მაისის მთავრობის სხდომა 2012 წლის 30 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 60 საკითხი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მთავრობის სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ორიოდე ინფორმაცია მინდა გავაცნო. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. მაისის თვის ინფლაცია კვლავ პოზიტიური ციფრია, ანუ მაისის თვეში აპრილთან მიმართებაში ფასების დონე შემცირდა, ისევე როგორც ამ წლის მაისის თვეში გასული წლის მაისთან მიმართებაში. დეფლაცია გასული წლის მაისთან მიმართებაში 3.3%-იანი იყო.

კარგად გახსოვთ, რომ გასული წლის მაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინფლაციური თვე, გასული წლის განმავლობაში ინფლაცია 14%-ზე მაღალი იყო. ეს ეფექტი თავის შედეგს იღებს წელს და შესაბამისად, ფასების დონე შედარებით შემცირებულია გასული წლის მაისთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაშინაც ეს გამოწვეული იყო საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით. ეხლაც იგივე მიზეზია იმის, რომ საქართველოში ფასები შემცირებულია, რადგანაც საერთაშორისო ბაზრებზე ძირითადად საკვებ პროდუქტებზეა ფასები შემცირებული, ეს აისახება ჩვენ შიდა მაკროეკონომიკურ სიტუაციაში, მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.

გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარი მინდა გავაკეთო პირველი კვარტლის პირდაპირი ინვესტიციების მონაცემებთან დაკავშირებით. სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში საქართველოში შემოვიდა პირდაპირი ინვესტიციების სახით 230 მილიონი დოლარი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის პირველ კვარტალს. გასული წლის პირველ კვარტალში ჯამში იყო 174 მილიონი დოლარი. წელს ეს ციფრი შეადგენს 230 მილიონ დოლარს, რაც ძალიან კარგი ზრდაა. ეს ციფრი არის პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული სამუშაო ადგილების შექმნასთან, ანუ პირდაპირი ინვესტიციები არის ის თანხა, რომელიც საქართველოში შემოდის უცხოეთიდან, აქ რეალურად ხდება ახალი საწარმოების შექმნა ან ძველი საწარმოების რეაბილიტაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის შემცირება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ციფრის ზრდა. გასული წლის მონაცემების მიხედვით, ჯამში გვქონდა 1 მილარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიციები. პირველი კვარტალი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მერე სეზონურობის გამო ეს მაჩვენებელი იზრდება. შესაბამისად, წელსაც ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი ყოველკვარტალურად გაიზრდება და წლევანდელი წლის მონაცემებით პირდაპირი ინვესტიციები 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური