საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 24 მაისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 24 მაისის მთავრობის სხდომა 2012 წლის 24 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 101 საკითხი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მთავრობის სხდომის დაწყებამდე გასულ კვირას ჩიკაგოში გამართულ "ნატო"-ს სამიტთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო მინდა. ეს იყო საქართველოს მიერ "ნატო"-სთან მიმართებაში გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბალკანეთის სამ ქვეყანასთან ერთად ამ სამიტის მიხედვით საქართველო ასპირანტი წევრი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველომ მიიღო სამივე შეხვედრაში მონაწილეობა - "ნატო" + მეგობრები, "ნატო" + ასპირანტი ქვეყნები, "ნატო"-სა და ავღანური მისიის მონაწილე ქვეყნებთან ერთად. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ მისი აზრით, ეს იქნება ბოლო "ნატო"-ს სამიტი, სადაც "ნატო"-ს წევრების რაოდენობა არ გაიზრდება. ანუ მომავალში, შემდეგი "ნატო"-ს სამიტისთვის "ნატო"-ს წევრთა რაოდენობა გაიზრდება და, რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდება იმ ასპირანტ ქვეყნებზე, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველო არის.

მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მუშაობისათვის. მოსამზდებელი სამუშაო მათ ჩაატარეს. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროატლანტიკური ურთიერთობების სახელმწიფო მინისტრის აპარატს. არც თუ ისე მარტივი იყო ამ სამუშაოს გაწევა და ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რაც გაკეთდა ამ დღეების განმავლობაში.

მეორე განცხადება, რომელიც საზოგადოებისთვის, მთავრობის წევრებისთვის მინდა გავაკეთო, შეეხება რკინიგზის 25%-ის საფონდო ბირჟებზე გატანას. ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა ბანკირებთან, ინვესტორებთან. სამწუხაროდ, ბაზრები იმდენად გაფუჭდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ამის გაკეთებას რეალურად არ გვირჩევდნენ ამ ბაზრების შემხედვარე. შესაბამისად, ეს პროცესი გადავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ ბაზრები კარგი იყო და გაზის კორპორაციამ ძალიან წარმატებული ევრობონდები გამოუშვა, ამ ეტაპზე საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა საერთაშორისო ბაზრებზე. გამოწვეულია საბერძნეთის პრობლემებით, გამოწვეულია ესპანეთის პრობლემებით და შესაბამისად რკინიგზის 25%-ის ფინანსურ ბაზრებზე გატანა გადავდეთ მომავლისათვის, როდესაც ბაზრებზე მდგომარეობა გამოსწორდება".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური