საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 8 მაისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 8 მაისის მთავრობის სხდომა2012 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 71 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მთავრობის სხდომაზე საკმაოდ ბევრი საკითხი უნდა განვიხილოთ, მაგრამ ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი. ეს არის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი.

პირველი განხილვა გვქონდა წინა მთავრობის სხდომაზე და შესაბამისი პროექტი პარლამენტში გაგზავნილია. დღეს გვაქვს დამატებითი განხილვები. მინდა გითხრათ, რომ ბოლო კვარტლის ანალიზმა გვაჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა შეგვიძლია 5%-დან 6%-ზე. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის. თუმცა დეფლატორი მოდის 6%-დან 5%-ზე ანუ ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება 6%-იდან 5%-მდე. ჯამში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრება 26 მლრდ 967 მლნ ლარით, დაახლოვებით 27 მლრდ ლარზეა ლაპარაკი.

დღევანდელი გაცვლითი კურსით რომ დავთვალოთ, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გამოდის 3600 დოლარამდე. მინდა გავიხსენოთ, რომ ეს არის დაახლოვებით 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2003 წელს. ეს იყო მაშინ დაახლოვებით 900 დოლარი.

რაც შეეხება თავად ბიუჯეტს. შემოსავლები იზრდება 200 მლნ ლარით. შემოსავლებში მთავარი ორი ცვლილებაა. გრანტებს ვიღებთ უფრო მეტს ვიდრე თავიდან გათვალისწინებული გვქონდა და ლიცენზიებიდან შემოსავალი საკმაოდ სერიოზულად იზრდება 100 მილიონი დოლარით. ცოტა უფრო მეტით იზრდება იმიტომ, რომ ეს გვაჩვენა გასულმა პირველმა კვარტალმა. ლიცენზიები და შემოსავლები, მართლაც, საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ხარჯების ნაწილშიც ცვლილება შესაბამისად ასახულია. დამატებითი ხარჯები გათვალისწინებული გვაქვს სტუდენტების დაზღვევის პროგრამაზე. ამაზე ზურასთან და დიმასთან ერთად დღეს ვიმუშავებ და დეტალებს მომავალში საზოგადოებას მინისტრები მიაწვდიან. ასევე დამატებითი ხარჯებია გათვალისწინებული მაგალითად, საელჩოების შენობების შესყიდვაზე. გვინდა რამოდენიმე საელჩო ვიყიდოთ ამ პერიოდის განმავლობაში. დამატებითი ხარჯებია გათვალისწინებული ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთათვის მშენებარე ახალი კორპუსის ინვენტარით აღჭურვაზე. თოვლსაწმენდი მანქანები უნდა ვიყიდოთ დამატებითი იმიტომ, რომ თებერვალმა გვაჩვენა, თუ რაოდენ მძიმე შეიძლება იყოს დიდთოვლობა საქართველოში და დამატებითი ხარჯები გვაქვს ამისთვის გათვალისწინებული. ფეხბურთის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები და კიდევ მრავალი წვრილ-წვრილი პროექტებია, განსაკუთრებით, რეგიონალური პროექტებია. აქ აღსანიშნავია კახეთის და იმერეთის პროექტები. გამოსაყოფია ნამდვილად ეს ორი დიდი პროექტი. ეს არის მსოფლიო ბანკის ასიგნებებით გათვალისწინებული პროექტები, რომლის მიხედვითაც ხდება კახეთის და იმერეთის ინფრასტრუქტირის ზრდა, ტურისტული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, აუცილებელია საქართველოს ბიუჯეტიდან თანადაფინანსება. ეს თანადაფინანსება გათვალიწინებულია ასევე ჩვენს ბიუჯეტში. კიდევ არის კოპიტნარის აეროპორტის დასრულება წლევანდელი წლის განმავლობაში.

ბევრი მცირე და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული ბიუჯეტის ახალ ვარიანტში. ამ საბოლოო ვარიანტს გადავუგზავნით პარლამენტს უკვე მომავალი კვირის განმავლობაში და დამტკიცებისთანავე აუცილებლად დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

შესაბამისად, ყველა მინისტრს მინდა ვთხოვო, რომ დეტალური პრეზენტაცია გაუკეთოს საზოგადოებას იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც ბიუჯეტში ვთავაზობთ".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური