საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 5 აპრილის მთავრობის სხდომა

2012 წლის 5 აპრილის მთავრობის სხდომა 2012 წლის 5 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 105 საკითხი იყო შეტანილი. სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მინისტრებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ესაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, მინისტრებმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ გარკვეული ინფორმაცია მინდა მიაწოდონ საზოგადოებას. სოფლის მეურნეობით დავიწყოთ. საგაზაფხულო აგროციკლი იწყება, რამდენად მზად ვართ ამ პერიოდისთვის? საზოგადოებას შევპირდით, რომ გვექნებოდა სპეციალური ცენტრები, ჩამოვიყვანდით ტრაქტორებს. რა მდგომარეობაშია ეხლა ეს (პროცესი)? როგორც მე ვიცი, ბელორუსიიდან, სხვა ქვეყნებიდან ტრაქტორები უკვე შემოდის.

ზაზა, რომ საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი იყოს რას ვაკეთებთ კონკრეტულად აი ამ აგროციკლისთვის..."

ზ.გოროზია - სოფლის მეურნეობის მინისტრი: "სასოფლო სამუშაოები გადაიწია უამინდობის გამო. მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ამ წუთას არის სახელმწიფოს საკუთრებაში. თითქმის ყველა გამართულია. მოხვნითი სამუშაოები დაწყებულია უკვე ბევრ რაიონში, სადაც შესაძლებლობა იყო, რომ ტექნიკა შესულიყო და მიწა არის მშრალი. ტექნიკა შემოსულია დაახლოებით 120 ცალზე მეტი, შემოსულია სათესები, რომლებიც პირველად საჭიროებას წარმოადგენს და დღეიდან იწყება მათი გადანაწილება. მზადყოფნა გვაქვს იმისათვის, რომ კარგად ჩაიაროს მოხვნითმა სამუშაოებმა. რაც შეეხება ცენტრებს, ცენტრების გახსნა დაახლოებით 10 დღიდან ინტენსიურად დაიწყება. აქაც ამინდმა შეგვიშალა ხელი."

ნიკა გილაური: "უამინდობამ, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გარკვეული შეფერხებები შექმნა, თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და ყველა ის შეპირება, რაც გვქონდა სოფლის მეურნეობის დარგში თავის დროზე გვექნება შესრულებული."

ზ.გოროზია: "284 ტრაქტორი დაახლოებით 15 რიცხვისთვის მთლიანად იქნება შემოსული. შემდგომ შემოვა დანარჩენი ტექნიკა. მთლიანობაში 600 ერთეული ტექნიკა იქნება შემოყვანილი.

ნ.გილაური: "ენერგეტიკასთან მინდა შემდეგი კითხვით გადავიდე. დარწმუნებული ვარ, ცუდმა ზამთარმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ჰესების მშენებლობაზე. თუმცა ახლა ეს პრობლემა აღარ უნდა იყოს. მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია 15 ჰესის მშენებლობის მიმდინარეობა. დამატებითი, ახალი მშენებლობები როდის დაიწყება და ის გეგმა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ გასული წლის დასაწყისში, რა სტადიაშია?"

ა.ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი: "მოგახსენებთ, საკმაოდ მძიმე ზამთარი გამოვიარეთ ენერგეტიკულად. სამშენებლო მოედანზე დიდთოვლობამ შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები ძალიან ბევრ ჰიდროელექტროსადგურზე. ეტაპობრივად მიდის განახლება, მთებში ჯერჯერობით ისევ თოვლის საფარი ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება. რამოდენიმე ჰიდროელექტროსადგურზე უკვე განახლებულია სამუშაოები და აპრილის მეორე ნახევარში მთლიანად, ყველა სადგურზე იქნება ჩვეულ რიტმში, დაჩქარებულ ტემპში სამუშაოები მწყობრში ჩამდგარი. დღესდღეობით, მიდის მშენებლობები ლარსიჰესზე (20 მგვტ), დარიალიჰესზე (109 მგვტ), ფარავანჰესზე (78 მგვტ), მტკვარიჰესზე (43 მგვტ), შილდაჰესზე (5 მგვტ); ხადორი (2-5 მგვტ) ალბათ გაეშვება დაახლოებით ივნისის თვეში, ხელვაჩაურიჰესზე (36 მგვტ), კირნათი (34 მგვტ), ბახვი 2 (20 მგვტ), ბახვი 3 (6 მგვტ), ლუხურიჰესი (12 მგვტ), არაგვი ჰესი, ნაბეღლავი და ა.შ.

ჯამში, მიმდინარეობს 420 მგვტ სიმძლავრის 15 ელქტროსადგურის მშენებლობა, ამავდროულად, წელს კიდევ დამატებით დავიწყებთ 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომლებშიც შედის ასევე დიდი სადგურები და პრაქტიკულად, მნიშვნელოვანწილად იქნება ხელისშეწყობა დასაქმების კუთხითაც".

ნ.გულაური: "ჯამში, დაახლოებით 13 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ჰესების მშენებლობაზე... თუ გზების მშენებლობაზე ან წყლის მშენებლობაზე რაღაც ნაწილი ისედაც უკვე მუშაობდა, ამ შემთხვევაში, ახალი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, სრულიად ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უმუშევრობის შემცირების კუთხით და სამუშაო ადგილების შემცირების კუთხით.

ბოლოს ზურას მინდა ვკითხო ე.წ. თამაშის წესებზე, რომლის შემუშავებას საზოგადოებას შევპირდით. ეს არის თამაშის წესები, რომლებიც უნდა ჩამოყალიბდეს პაციენტს, საავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს პაციენტის უფლებები, როდესაც ის მიდის საავადმყოფოში ან კლინიკაში, ან როდესაც ის იყენებს სადაზღვევო კომპანიის რომელიმე კონკრეტულ პაკეტს. რა მდგომარეობაშია ახლა ამ წესების შემუშავება? დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს წესები შემუშავდეს სადაზღვევო კომპანიებთან და კლინიკებთან ერთად. სად ვართ ახლა? უახლოეს დღეებში გვექნება თუ არა საშუალება საზოგადოებას საბოლოო ვარიანტი წარვუდგინოთ?"

ზ.ჭიაბერაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი: "მოგახსენებთ, ბატონო პრემიერო. ჩვენ შევიმუშავეთ ამ თამაშის წესების ბაზისური ვარიანტი. თვითონ საკითხთან დაკავშორებით მინდა გითხრათ, რომ როდესაც დავდივარ რეგიონებში ჩანს, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს წესები, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. როდესაც მოქალაქეს აქვს სახემწიფო დაზღვევა და მან შეიძლება ვერ მიიღოს მომსახურება ან შეიძლება მოქალაქეს ჰქონდეს გარკვეული პრეტენზიები მიღებული მომსახურების ხარისხთან დაკავშორებით. ამავდროულად, მესამე ელემენტია ის, რომ შეიძლება გარკვეულწილად დასარეგულირებელია თვითონ ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის საიმისოდ, რომ ფინანსური ანგარიშსწორება მათ შორის ხდებოდეს გარკვეულ წესებზე დაყრდნობით. ამაზე ასევე დამოკიდებულია კლინიკებში მედპერსონალისათვის ხელფასის გაცემა და ა.შ.

ამიტომ შემუშავებულია, თქვენი დავალებით, ეს თამაშის წესები. ისინი დავუგზავნეთ, როგორც საავადმყოფოების ხელმძღვანელობას, ისე სადაზღვევო კომპანიებს. მათგან უკვე მივიღეთ კომენტარები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული გვქონდეს სისტემის ყველა მონაწილის თავლსაზრისი ამ პროცესში. აქ მაქვს დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ყველა ის კომენტარი, რომელიც მივიღეთ ამ სისტემის სხვადასხვა მოთამაშისგან. ახლა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში მიმდინარეობს ყველა კომენტარის განხილვა. მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს შემეძლება წარმოვუდგინო შეჯამებული ვარიანტი, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ამ სფეროში არსებული სუბიექტების თვალსაზრისი."

ნ.გილაური: "ეს არის ჩვენი მიზანი. ზურა მე მინდა, რომ უახლოეს მომავალში წარვუდგინოთ საბოლოო ვარიანტი. ერთად შევიკრიბოთ, გავიაროთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას წარვუდგინოთ საბოლოო ვარიანტი.

ბოლოს მინდა ფეხბურთით დავამთავრო. საქართველოს და ყველას აბსოლუტურად მინდა მივულოცო ჩვიდმეტწლიანების გამარჯვება. ბავშვებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასულიყვენენ და გავიდნენ კიდევაც. ლადო, დღეს შევიკრიბოთ, ფეხბურთის ფედერაციის თავჯდომარესთან ერთად, თუ საჭირო არის დამატებითი დაფინანსება იმისათვის, რომ დამატებითი შეკრებები ჩავუტაროთ, სანამ ევროპის ჩემპიონატზე წავლენ მაისის თვეში. დარწმუნებული ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ფეხბურთს მომავალი აქვს. ბევრად უფრო ძლიერი ახალი თაობა მოდის, ვიდრე ამას ჩვენ ველოდებოდით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ახალ თაობას ხელი შევუწყოთ."

ლ.ვარძელაშვილი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი : "ეს არის ბოლო სამწლიანი მუშაობის შედეგი, როდესაც შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენთან არის 14 წლიდან ზევით ყველა ასაკობრივ ჯგუფში ნაკრები და ამ ნაკრებში მონაწილე ბავშვების სწორი გადმომზადება და სწორი აღზრდა ხდებოდა. შედეგიც სახეზეა. მე ვფიქრობ, ურთულესი ჯგუფიდან საქართველოს ნაკრების წევრებმა მოახერხეს გასვლა და არანაკლებ ჯგუფი გველოდება წინ. ამიტომ, ალბათ იქნება დამატებითი და სხვადასხვა სამუშაოები ჩასატარებელი იმისთვის, რომ ჩვენი სპორტსმენები მზად შეხვდნენ ამ ევრობის ჩემპიონატს".

ნ.გილაური: "საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სამი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამა, ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამა. სპეციალური თანხები გამოვყავით ბიუჯეტიდან, რაც არც თუ ისე ხშირია ევროპის ქვეყნებში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები მიდის ფეხბურთის ფედერაციის მხარდასაჭერად. ჩვენ ამ შედეგს, ამ სამუშაოს გარკვეულ შედეგს ეხლა ვხედავთ კიდევაც და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას აბსოლუტურად, მწვრთნელებს, თითოეულ მოთამაშეს იმ თავგანწირვისთვის, რომელიც მათ გამოამჟღავნეს ამ თამაშების განმავლობაში. ურთულესი მეტოქეები დაამარცხეს, ესპანეთის, ინგლისის და ურკაინის ნაკრებები და წარმატებას ვუსურვებ მათ უკვე ევროპის ჩემპიონატზე."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური