საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 29 თებერვლის მთავრობის სხდომა

2012 წლის 29 თებერვლის მთავრობის სხდომა2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 62 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საპარლამენტო დებატებს, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას მინდა გამოვეხმაურო.

ხაზი მინდა გავუსვა იმ პროგრესს, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს. პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა. გასულ წელს დაგპირდით, რომ 2015 წლამდე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებას გავაორმაგებდით, წლევანდელი შედეგი არის 35%-იანი ზრდა.

რაც შეეხება ჯანდაცვას, დაპირება იყო 100 საავადმყოფო. სახეზე გვაქვს 90-ი ახალი ჯანდაცვის ობიექტი, რომელიც უკვე გაიხსნა, ამას დაემატება კიდევ 40-ი საავადმყოფო ამ წლის განმავლობაში. 2012 წლის ბოლომდე 130-ი საავადმყოფო გვექნება გახსნილი.

ენერგეტიკაში 2015 წლამდე 10-ი ახალი ჰესის ამოქმედებას დაგპირდით, 15-ი ახალი ჰესის მშენებლობაა დაწყებული და წელს კიდევ 10-ი დამატებითი ჰესის მშენებლობა დაიწყება. დავდეთ პირობა, რომ 2015 წლამდე მოსახლეობის 70%-ი იქნება გაზიფიცირებული. დღევანდელი შედეგებით გაზიფიცირებულია 55%-ი, აგრეთვე წელს დამატებით 80 ათასი აბონენტი იქნება კიდევ გაზიფიცირებული. 2012 წლის ბოლოს ეს პროცენტი 55-დან 65-ზე ავა.

აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ყველა ჩვენი დაპირების მიმართულებით საგრძნობი პროგრესი გვაქვს. თუმცა, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ თვითკმაყოფილები ვიყოთ.

ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჯანდაცვაში უნდა მოწესრიგდეს და განისაზღვროს სადაზღვევო კომპანიებსა და საავადმყოფოებს შორის თამაშის წესები. ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი სოფლის მეურნეობაში - მექანიზაციის თვალსაზრისით, ახალი ტრაქტორების ჩამოყვანის კუთხით, მიწის რეგისტრაციის თვალსაზრისით, იდენტიფიკაციის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ ამ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ.

ხაზი მინდა გავუსვა პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში გაჟღერებულ სიახლეებს, რომლებიც მან საზოგადოებას, პარლამენტს შესთავაზა.
პირველ რიგში, დასაქმების ნაწილზე მინდა მოგახსენოთ. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, ვგულისხმობ პროფესიული გადამზადების ცენტრებს, პროფესიულ კოლეჯებს. (ამა წლის) 20 მარტიდან დავიწყებთ ვაუჩერების გაცემას - ყველა სოციალურად დაუცველ პირს 20 მარტიდან შეეძლება განათლების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრებში მისვლა: თბილისში, ქობულეთში და ქუთაისში - პირველ ეტაპზე, მომავალში დაემატება თელავი, ახალციხე, ზუგდიდი და 1000 ლარიანი ვაუჩერის უფასოდ მიღება. ამ ვაუჩერის განაღდება, ნაღდ ფულზე გადაცვლა შეუძლებელი იქნება. მაგრამ ვაუჩერის მქონე ადამიანს შეეძლება ვაუჩერის მიტანა ნებისმიერი პროფესიული გადამზადების კოლეჯში და 1000 ლარიანი სერვისის მიღება, ანუ მას ასწავლიან ნებისმიერ პროფესიას, რომელსაც ის მოინდომებს.

5 აპრილის შემდეგ ასეთივე შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს. არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მან უნარ-ჩვევების გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მიეცემა 1000 ლარიანი ვაუჩერი, სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანი არ მოინდომებს გამოცდის ჩაბარებას, მას 30%-იანი თანადაფინანსება მოუწევს.

ეს ახალი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების გაზრდისთვის. ხშირად საქართველოში კომპანიები, თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურები ეძებენ თანამშრომლებს, მაგრამ ვერ პოულობენ იმიტომ, რომ საზოგადოებაში შესაბამისი კვალიფიკაცია არ არსებობს, არ არსებობს იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადგილას.

ამიტომ, ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა დასაქმების კუთხით. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა დემოგრაფიასთან დაკავშირებით. 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველ მესამე გაჩენილ ბავშვზე ოჯახი მიიღებს ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო ყოველ მე-4 და მე-5 შვილზე მიიღებს ერთჯერადად 2000 ლარს. გარდა ამისა, მომავალი წლის 1 იანვრიდან დავაზღვევთ ყველა მრავალშვილიანი ოჯახის ყველა ბავშვს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ოჯახებს, ვისაც ყავს 4 და მეტი შვილი.

ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ჯანდაცვის და დემოგრაფიის კუთხით.

პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძალიან სერიოზული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინიციატივაა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად ვიზის მოთხოვნის მოხსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს საქართველოში რუსი ტურისტების, რუსი ბიზნესმენების ვიზიტები. ნახონ, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე ხანში განვითარდეს პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რამხელა პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ 7-8 წელიწადში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის და გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური