საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა

2012 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა2012 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 59 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გასული წლის პირდაპირი ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საზოგადოებას გასული წლის პირდაპირი ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო. ასევე გვაქვს იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები. საკმაოდ პოზიტიური ციფრებია. გასულ წელს პირდაპირი ინვესტიცია მინიმუმ 950 მლნ დოლარი იყო, დაზუსტებული ციფრი 1 მლრდ - 1 მლრდ 100 მლნ დოლარი იქნება. ყოველთვის ასეა: წინასწარი ციფრი დაახლოებით 100 მლნ-ით ნაკლებია საბოლოო ციფრთან შედარებით, რადგანაც სტატისტიკური აღრიცხვა მარტის ბოლომდე მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ გასულ წელს პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში განხორციელდა 1 მილიარდი დორალის ოდენობით, რაც პატარა ციფრი არ არის.

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული იანვრის წინასწარი ციფრი 5%-ია. საკმაოდ კარგი და დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური მაჩვენებელია, მსოფლიოში და ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არსებული დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით.

მინდა აღვნიშნო, რომ გასულ შაბათ-კვირას კერძო სექტორთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. აშკარაა კერძო სექტორის აქტივობა, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის. კერძო სექტორის მიერ წამოყენებული წინადადებები პოზიტიურია. ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უახლოეს თვეებში წარვადგინოთ დამატებითი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სხვა კანონმდებლობებში, რათა გავუმარტივოთ ბიზნესს და კერძო სექტორს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და სამუშაო ადგილების შექმნა.

ასევე რამოდენიმე დღის წინ ახალ სამშობიარო ცენტრში მომხდარ ინციდენტს მინდა შევეხო. მოგეხსენებათ, გარდაიცვალა ქალბატონი. მკურნალი ექიმი თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა მეორე სართულიდან.
ჯანდაცვის მინისტრს ინციდენტის შესწავლა დავავალე: თუ რამ გამოიწვია ამ ქალბატონის გარდაცვალება, აკმაყოფილებდა თუ არა საავადმყოფო სალიცენზიო პირობებს.

ამ საავადმყოფოს პრივატიზაცია მოხდა 1 წლის წინ, თებერვლის თვეში. საავადმყოფო იყიდა კოლექტივმა. გვინდოდა, რომ მომხდარიყო ამ საავადმყოფოს რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს დაწესებულება სალიცენზიო პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

ვწუხვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვალებულის ოჯახს.

ამ დაწესებულებას დღესვე უნდა შევუჩეროთ ლიცენზია. მფლობელებს მივცეთ გარკვეული პერიოდი, რათა გაარემონტონ, შესაბამისი აღჭურვილობა შემოიტანონ კლინიკაში და შემდეგ აღვუდგინოთ ლიცენზია. მანამდე ამ საავადმყოფოს საქმიანობა იყოს შეჩერებული და მფლობელმა შეასრულოს საინვესტიციო ვალდებულება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური