საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 31 იანვრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 31 იანვრის მთავრობის სხდომა2012 წლის 31 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 85 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რამოდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას მინდა აღვნიშნო.

პირველი, პრეზიდენტ სააკაშვილის და პრეზიდენტ ობამას გუშინდელი შეხვედრა.  ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი დღეა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პრეზიდენტების დიალოგის რამოდენიმე მიმართულება. პირველი - საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა. ეს საქართველოს ეკონომიკური აქტიურობის, ეკონომიკური წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. 


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკება უკვე დავიწყეთ. საქართველოს-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების ერთერთი დამწყები რაუნდი დღეს იმართება. პერსპექტივაში, საქართველო სავაჭრო ცენტრად თავისუფლად შეიძლება წამოვწიოთ, რომელიც ჩამოყალიბდება ცენტრად აზიასა და ევროპას, აზიასა და აშშ-ს შორის. ბევრი კომპანია შეძლებს ინვესტიციების განხორციელებას იმის გამო, რომ ვაჭრობა გათავისუფლებული იქნება დამატებითი ბარიერებისგან, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება.
მეორე ფაქტორი, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, არის თავდაცვის სფეროში ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა მარტო ანტიტერორისტულ წვრთნებზე ან მხოლოდ ავღანეთში ურთიერთობებზე. საუბარია
საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ზრდაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ამას ხაზი გაესვა პრეზიდენტების შეხვედრაზე.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რამოდენიმე თვეში, მაისში აშშ-ში, ჩიკაგოში შედგება ნატო-ს სამიტი და უმნიშვნელოვანესია თავად აშშ-ს მხარდაჭერა.
კიდევ დღევანდელი დღე მინდა აღვნიშნო. დღეს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ დაწერილი ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგება, რომელიც საქართველოს ეხება. წიგნი აღწერს იმ რეფორმებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გატარდა. წიგნში მოხვედრილია პოლიციაში, საჯარო და სამოქალაქო რეესტრში, ენერგეტიკაში, ფინანსთა სამინისტროში, საბაჟო სისტემაში გატარებული რეფორმები... სამწუხაროდ, ამ წიგნში არ შევიდა რეფორმები ჯანდაცვაში და რემოდენიმე რეფორმა განათლებაში. თუმცა, მსოფლიო ბანკს ვესაუბრე და იმედია, რომ ამ წიგნის მეორე ნაწილში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში კონკრეტული შედეგები შეტანილი იქნება.

მსოფლიო ბანკის მიზანია, რომ საქართველოს რეფორმები ძალიან კონკრეტული მაგალითი იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომ სხვა ქვეყნებში ამ რეფორმების მეშვეობით სიტუაცია გამოსწორდეს. განსაკუთრებით საუბარი ეხება კორუფციასთან ბრძოლას. მსოფლიო ბანკი ევროპული ტურნეს გეგმავს, ევროპულ ქვეყნებში გაიმართება ამ წიგნის პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაესმება იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გატარდა. როგორ შეცვალა ამან ჩვენი ქვეყანა, როგორ შეიძლება ამ რეფორმებმა შეცვალონ ნებისმიერი სხვა ქვეყანაც არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული ქვეყნები, არამედ იგულისხმება აფრიკული, ევროპული, აღმოსავლეთ ევროპული, აზიური ქვეყნები.

და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ შევეხო დავოსში ჩემს ვიზიტს. პოლიტიკოსები, ასევე ბიზნესმენები თითქმის მთელი მსოფლიოდან იმყოფებოდნენ დავოსში. ერთერთი მთავარი საკითხი აქაც საქართველოს რეფორმები იყო. ერთერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულება იყო. საუბარი არ იყო მხოლოიდ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. საუბარი იყო ძლიან დიდ ქვეყნებზე, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ეგვიპტე და მათ მიერ იმ რეფორმების გაზიარებაზე და გადაღება, რომლებიც საქართველოში გატარდა ბოლო წლების განმავლობაში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული რეფორმები, საქართველოში ჩატარებული ანტიკორუფციული ქმედებები მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობენ და ე.წ. "თრეიდ მარკად" შეიძლება ჩამოყალიბდნენ.
უახლოეს მომავალში რეფორმების "ექსპორტირება" თავისუფლად შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური