საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 4 იანვრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 4 იანვრის მთავრობის სხდომა 2012 წლის 4 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 19 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2012 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. 2012 წლის პირველ მთავრობის სხდომას ვატარებთ. მთავრობის წევრებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა გავუმეორო ჩვენი მთავრობის 2012 წლის მთავარი პრიორიტეტები, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნები.

პირველ ადგილზეა სოციალური მხარდაჭერის პაკეტი. სოციალურ პაკეტში საპენსიო პაკეტის ზრდას ვგულისხმობ.

2012 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის მიხედვით 67 წელს ზევით მყოფ ყველა პენსიონერის საპენსიო პაკეტი 140 ლარზე იზრდება. საპენსიო პაკეტში შედის დაზღვევის ვაუჩერი და თანხა. გარდა ამისა, 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი და 0-დან 5 წლამდე ბავშვი იქნება დაზღვეული. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გარღვევა ჯანდაცვის სფეროში. გაგრძელდება საავადმყოფოების მშენებლობა.

გასული წლის დეკემბერში 30 საავადმყოფო გავხსენით. იანვარში ცოტა უფრო ნაკლები საავადმყოფო გაიხსნება, თუმცა მარტი-აპრილ-მაისში გაიხსნება შედარებით უფრო დიდი საავადმყოფოები, 70-100 საწოლიანი რეგიონალური საავადმყოფოები თელავში, ფოთში და სხვა ქალაქებში.

2012 წელს მნიშვნელოვანი მიმართულებაა განათლება. გაგრძელდება სერტიფიცირების პროცესი, სერტიფიცირებული მასწავლებლების წახალისების პროცესი. შესაბამისად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია.

ასევე 2012 წელს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სფერო იქნება სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი დაახლოებით 30%-ით გაზრდილია. საგრძნობლად გააქტიურდა კერძო სექტორი სოფლის მეურნეობის დარგში და მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვავქვს პოზიტიური რეზულტატები.

ვთვლი, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ჩვენთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი 2012 წელს."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური