2011 წლის 17-19 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრი იტალიის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯანფრანკო ფინის შეხვდა. აგრეთვე ინდუსტრიის კავშირში გამართულ ბიზნეს ფორუმზე იტალიელ ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნეს გარემო გააცნო.
"იტალიური ბიზნესის წინაშე საქართველოს ეკონომიკის პრეზენტაცია გაკეთდა და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, იტალიელ ბიზნესმენებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, უნდათ გამოცადონ, სხვადასხვა დარგში გააკეთონ ინვესტიციები. აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე კომპანია უკვე ჩამოდის და უკვე აწერენ კონტრაქტებს ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის პროექტებზეც. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. იმედი მაქვს, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი იქნება მომავალში იტალიური ბიზნესისგან და იტალიური კერძო სექტორისგან საქართველოში საინვესტიციო გარემოს გამოსაკვლევად," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
SACE-ს (Italian export credit insurance and financial services Group) პრეზიდენტთან ჯოვანი კასტელანეტასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი. გვქონდა შეხვედრა საჩეს პრეზიდენტთან. საჩე არის საინვესტიციო ინსტიტუტი, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს განახორციელებინოს ინვესტიციები იტალიურ კომპანიებს".
აგრეთვე ნიკა გილაური ვიცე პრემიერ-მინისტრს ჯანი ლეტასა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრს პაოლო რომანისა შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური