საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 4 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2011 წლის 4 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2011 წლის 4 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 75 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მინისტრთა კაბინეტს და საზოგადოებას ინფლაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

"მოგესალმებით. ივლისის თვის ინფლაციის საბოლოო მონაცემის მიხედვით, 12 თვიანი ინფლაცია ივლისის თვეში იყო 8.5%. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წლის დასაწყისში ერთერთი მთავარი მაკროეკონომიკური პრობლემა ინფლაცია იყო. აპრილში და მაისში ინფლაციის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით საერთაშორისო ბაზრებზე ფასები დაეცა, იგივე მოხდა საქართველოში. ფასები შემცირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რამაც ინფლაციის ერთნიშნა ციფრზე დაყვანა გამოიწვია.
ვვარაუდობთ, რომ იგივე გაგრძელდება აგვისტოს თვეშიც. წლის დასაწყისში პროგნოზი გვქონდა, რომ ინფლაციური 1-ი კვარტალი, მე-2 კვარტლის დიდი ნაწილი იქნებოდა და ზაფხულში წნეხი შემცირდებოდა. მიგვაჩნია, რომ ასე გაგრძელდება მომავალი თვეების განმავლობაში.

მეორე, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება არის სოფლის მეურნეობის სეზონი. შემოდგომა მოდის, მაქსიმალურად რთველისთვის ვემზადებით. ძალიან კარგი მოსავალი გვექნება, როგორც ყურძნისა, ასევე ხილი, ხორბალი და სიმინდიც.

გვაქვს ძალიან კარგი შედეგები იმ პროგრამების, რომლებიც შევთავაზეთ საზოგადოებას წელს: ვგულისხმობ სიმინდის და ხორბლის პროგრამას.

ბაკურს მინდა ვთხოვო ინფორმაცია მოგვაწოდოს შემოდგომისთვის მზადების შესახებ. როგორ მიმდინარეობს მზადება რთველისთვის და როგორი მოსავალი გვექნება წელს?"

ბაკურ კვეზერელი: "მინდა აღვნიშნო, რომ ყურძნის მოსავლის პროგნოზირება დასრულდა. ვიწყებთ ღონისძიებებს - ქარხნების მოწესრიგებას რთველისთვის. 22 აგვისტოდან რამოდენიმე ქარხანა მზადყოფნაში იქნება, იმისთვის რომ მოსავალი ავიღოთ რამოდენიმე რეგიონში. წელს ყველა მიმართულებით: ხილი, მარცვლეული კულტურები - გვაქვს ძალიან კარგი მოსავალი, მაკროეკონომიკური პარამეტრების თვალსაზრისით გვექნება ძალიან კარგი შედეგები.

მთელს საქართველოში პრაქტიკულად დასრულებულია ხორბლის მოსავლის აღება. მხოლოდ შიდა ქართლშია დარჩენილი გარკვეული ყანები, რომლების აღება მომავალი 5 დღის განმავლობაში დასრულდება. პრაქტიკულად დაზუსტებულია ხორბლის მოსავლის რაოდენობა - ეს არის 75 ათასი ტონა ქვეყნის მასშტაბით.

გასულ წელს 54 ათასი ტონა იყო. 20 ათას რონიანი ზრდა გვაქვს. წელს შემოდგომაზე მაღალმოსავლიანი ამერიკული ხორბლის დათესვის შესაძლებლობა იქნება, რომელიც მომავალ წელს მოგვცემს მოხმარების ადგილობრივად ნაწარმოებს 35%-ს, რაც ნიშნავს მინიმუმ 50 მლნ დოლარით მარცვლეული კულტურების იმპორტის შემცირებას."

ნიკა გილაური: "საქართველოში იწარმოებოდა მაქსიმუმ 15%-ი ჩვენი მოხმარების ხორბლის. მიზნად გვაქვს, რომ ეს ციფრი ნელნელა ავიყვანოთ 35-ზე, მომავალ წელს 45%-ზე და 50%-ზე უფრო მაღლა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მიზანი. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯით მივდივართ ამ მიზნისკენ."

ბაკურ კვეზერელი: "გზაშია და უახლოეს დღეებში შემოვა ამღები ტექნიკა, რომელიც მოიცავს მთელს საქართველოს. კომბაინები, რომლებიც აიღებენ სიმინდს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითეული მწარმოებლისთვის. საშრობები, რომლებიც შენდება ლაგოდეხსა და აბაშაში და სადაც იქნება თავმოყრილი მთელი მოსავალი მთელი საქართველოდან, უკვე დასრულების ფაზაში შედის. რამოდენიმე დღეში გახსნის ცერემონია გვექნება."

ნიკა გილაური: "ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას. წელს ძალიან ბევრმა ადამიანმა დათესა სიმინდი. ლაგოდეხში და აბაშაში კეთდება და 15 სექტემბრისთვის დასრულდება საშრობები, რომელიც საქართველოდან უცხოურ ქვეყნებში სიმინდის ექსპორტის ცენტრი იქნება. აქამდე ამის ექსპორტის საშუალება არ გვქონდა, იმდენსაც ვერ ვაწარმოებდით, რამდენსაც მოვიხმარდით. თუმცა წლევანდელი წლის მონაცემით სიმინდის ექსპორტიორები გავხდებით."

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური